გურამ მაჭარაშვილი - ელჩი როცა ამბობს, თითქოს „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“ ამერიკაში, არ არის სწორი, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ „ენჯეოები“ წერილით მიმართავენ კონგრესს
გურამ მაჭარაშვილი - ელჩი როცა ამბობს, თითქოს „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“ ამერიკაში, არ არის სწორი, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ „ენჯეოები“ წერილით მიმართავენ კონგრესს

დღეს აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თურმე იმის გამო არ უნდა იყოს მიღებული, რომ განსხვავდება ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონისგან, თურმე ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონი ეხება მხოლოდ ლობისტებს და არა – არასამთავრობო სექტორს, რაც არ არის სწორი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონი ეხება „ენჯეოებს“ და ეს მტკიცდება კონგრესისადმი მათი მიმართვით.

„ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში ათეულობით საერთაშორისო „ენჯეომ“ მისწერა კონგრესს წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ შეექმნებოდათ პრობლემა „ფარას“ კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. თუ „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“, მაშინ ეს წერილი რატომ მისწერეს ამერიკაში მოქმედმა საერთაშორისო „ენჯეოებმა“ კონგრესს? ამერიკაში არ არიან იმ სახის „ენჯეოები“, როგორიც საქართველოში, რადგან ამერიკას ვინ გაუბედავს, უცხო ქვეყანამ რაღაც „ენჯეო“ ჩაუსვას და მერე ფულები რიცხოს ისე, რომ არ იცოდეს ამერიკამ, სხვა ქვეყნის ფული როგორ მოქმედებს მასთან. ამიტომ არ არის სწორი, როგორც ელჩი ამბობს, თითქოს „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“, რადგან ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, რომ საერთაშორისო „ენჯეოები“ წერილს სწერენ კონგრესს. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც ამერიკაში. „ფარას“ მიხედვით, ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება ეს კანონი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, როცა ქართული არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. მექნება კონსულტაციები კოლეგებთან და გამოვალ ინიციატივით, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც მოქმედებს ამერიკაში, მერე ხომ ერთი ერთში დაემსგავსება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.