გურამ მაჭარაშვილი - ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა არასერიოზულია, მთავრობას ამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, საზოგადოებისთვის თავიდანვე ტყუილი შეთავაზება აქვთ
გურამ მაჭარაშვილი - ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა არასერიოზულია, მთავრობას ამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, საზოგადოებისთვის თავიდანვე ტყუილი შეთავაზება აქვთ

ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი მთავრობა არის არასერიოზული, რადგან დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს მთავრობას და საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. ანუ, საზოგადოებისთვის თავიდანვე ტყუილი შეთავაზება აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ ისწავლა, რომ დამოუკიდებელი ნიშა დაიკავოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

„აქ მთავარი კიდევ სხვა რამეა – ოპოზიციამ ვერა და ვერ ისწავლა, რომ დამოუკიდებელი ნიშა დაიკავოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნულის ტოლფასია შანსი, რომ მომავალ არჩევნებზე „ლელო“ და „გირჩი“ დამოუკიდებელი მოთამაშეები გახდნენ. მისივე თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

2020 და 2021 წლების არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციამ მხარდამჭერების რაოდენობა ძირითადად დაკარგა, ნაწილმა ჭკუა ისწავლა და მცდელობა აქვთ, რომ დამოუკიდებლად ითამაშონ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ როგორც ჩანს, „ლელოს“ და „გირჩის“ გადაწყვეტილება ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არა მხოლოდ ცალი ფეხით არიან, არამედ პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი გახდნენ და ეს საჯაროდ განაცხადეს. აქედან გამომდინარე, შანსი, რომ მომავალ არჩევნებზე „ლელო“ და „გირჩი“ დამოუკიდებელი მოთამაშეები გახდნენ, ნულოვანია. მეორე ტურებში „ქართული ოცნების“ შანსი არის ისეთივე, როგორიც პირველ ტურში იყო, დამაჯერებელი გამარჯვება. პრაქტიკულად, ამ მხარდაჭერას მეორე ტურში მეტად გავზრდით, რადგან ორი კანდიდატი მონაწილეობს და ამომრჩეველი ორ კანდიდატზე გადანაწილდება. ძალიან მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება – წარსულსა და მომავალზე. არ მგონია, რომ „დროა“ სერიოზულად განსახილველი ორგანიზაცია იყოს, „ლელოს“ და „გირჩს“ საზოგადოებამ უთხრეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ აფილირდებიან, მხარს არ დაუჭერენ. შეგვიძლია, „ლელო“ და „გირჩი“ დღეიდან განვიხილოთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი. როცა მათი დანამატი ხდები, იზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ორგანიზაციას აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.