გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი სტრატეგია ეროვნულია და ურთიერთობები ჩინეთთან იქნება, აშშ-თან თუ ნებისმიერ ქვეყანასთან, მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი სტრატეგია ეროვნულია და ურთიერთობები ჩინეთთან იქნება, აშშ-თან თუ ნებისმიერ ქვეყანასთან, მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მეტყველებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედების მიუხედავად, მაინც არსებობენ პოლიტიკოსები და ადამიანები, რომელთაც არ სურთ საქართველო-აშშ-ის კარგი ურთიერთობა საქართველოში ეროვნული ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ნორმალიზებისკენ მიდის და იქიდან უსამართლო განცხადებები არ ისმის.

„ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს. ამაში არაბუნებრივი არაფერია. საქართველოში ვერა და ვერ გაითავისა „ნაცმოძრაობამ“, თავისი აქაური თუ უცხოური წარმომადგენლებით, რომ საქართველოს ინტერესები უნდა იყოს პირველ ადგილზე და მერე დანარჩენი ქვეყნის. ის აქტი, რაც მიიღეს და, ზოგადად, რა პროცესიც მიმდინარეობს, მათ შორის შეერთებულ შტატებში საქართველოს კურსთან დაკავშირებით, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედების მიუხედავად, რომელიც ნორმალიზებისკენ მიდის, სამწუხაროდ, მაინც არსებობენ პოლიტიკოსები და ადამიანები, რომელთაც არ სურთ საქართველო-აშშ-ის კარგი ურთიერთობა იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ეროვნული ხელისუფლებაა. აქედან გამომდინარეობს დანარჩენი ყველა პროცესი. განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ნორმალიზებისკენ მიდის, იქიდან უსამართლო განცხადებები არ არის. თავად რუბიომ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს მოცემულობა საყურადღებოა, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს. კარგი ისაა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში უკვე პოზიტიური ნაბიჯები იდგმება პარტნიორული ურთიერთობისკენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც აქტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა, „ხალხის ძალის“ ლიდერის შეფასებით, უილსონი „ფასიანი განცხადებების გამკეთებელია“.

„თავად ის ფაქტი, რომ უილსონი არის ფასიანი ორატორი სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ასეა. ის ფასიანი განცხადების გამკეთებელია; გადაუხდიან – განცხადებას გააკეთებს, გადაუხდიან და რაღაც კანონპროექტს შეადგენს. ეს არავის აღარ უკვირს. უილსონს ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე კი არა, თავის გარემოცვაში არ აქვს არავითარი წონა. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თავად მიიჩნევენ ზესახელმწიფოს, ფრთხილი პოლიტიკა და დღის წესრიგი აქვს. უილსონი არ არის ის ფიგურა, რომ ვინმეს მისგან რაიმე ტიპის ფასიანი განცხადებები გაუკვირდეს. აქ მთავარია ის, რომ ჩვენი სტრატეგია ეროვნულია და ჩინეთთან იქნება ურთიერთობები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ნებისმიერ ქვეყანასთან მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.