გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი პრინციპული პოზიციაა „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი პრინციპული პოზიციაა „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება

ჩვენი პრინციპული პოზიციაა „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დადგა დრო, როცა ყველამ უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე.

„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის – „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როცა სტრასბურგსა და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველომ ყველა დავა მოიგო, საქართველოს სახელმწიფო, ქართული ჯარი გამართლდა. დადგა დრო, ყველამ აგოს პასუხი ნებისმიერ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც შეიძლება, 2008 წლის ომში ყოფილიყო ჩადენილი. იმ ფონზე, როცა გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს უცხოეთში განცხადებას აკეთებინებენ, რომ საქართველო უკრაინას ჩამორჩა, ყველა კარგად ვხედავთ, დღეს საქართველო რით ჩამორჩება უკრაინას. სამწუხაროდ, უკრაინა „დაწინაურებულია“ ომით, დაკარგული ტერიტორიებით, უკრაინელების დაღუპვით, რამდენიმემილიონიანი დევნილით და ბუნდოვანი მომავლით – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უარს ეუბნებიან სამომავლო დახმარებაზე. სამწუხაროდ, ამით უკრაინა „წინ წაწეულია“ არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოსთან შედარებით. ეს დაწინაურება და წინსვლა თუ არის, ამაზე საქართველოს საზოგადოებამ უარი თქვა. ჩვენი პრინციპული პოზიციაა „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, რაც არაერთი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.