გურამ მაჭარაშვილი – ჩვენი ბრძოლა ყოველთვის იყო დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ევროკავშირი თუ გვეუბნება, როცა შემოხვალ, უფლებები აღარ გექნებაო, ამას არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ დათანხმდება

11:34, 20.11.2026

ჩვენი ბრძოლა ყოველთვის იყო დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ახლა ევროკავშირი თუ გვეუბნება, როცა შემოხვალ, უფლებები აღარ გექნება და როგორც მინდა, ისე უნდა გადავწყვიტო ყველაფერიო, ამას არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ დათანხმდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თავად ევრობიუროკრატილებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირში ახალ წევრებს არსებული პირობებით არ მიიღებენ და ფაქტობრივად, მათ სუვერენიტეტის ჩამორთმევის უფლებით მიიღებენ.

„ახალ წევრს თუ მიიღებენ, მას იმის უფლება არ ექნება, რომ ამა თუ იმ საკითხს ვეტო დაადოს. მაგალითად, საქართველო ევროკავშირში თუ ​გაწევრიანდება და რომელიმე საკითხი ბრიუსელის პოზიციას არ დაემთხვევა, ბრიუსელის საკითხი გადაწყდება და არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები. რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არავინ იქნება. ჩვენ ის პერიოდი გავიარეთ, როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით. მაშინ კრემლსა და მოსკოვში წყდებოდა ძირითადი საკითხები. ახლა ბრიუსელი ამბობს, რომ ყველაფერს თავად გადაწყვეტს. ასეთი ევროსაბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათ. ამ ყველაფერს არსებული წევრებიც ეწინააღმდეგებიან და უნდათ, ვეტოს უფლება მათაც ჩამოართვან. ანუ საკითხებს არსებულ წევრებსაც კი აღარ შევეკითხებითო. ჩვენი ბრძოლა ყოველთვის იყო დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ახლა ევროკავშირი თუ გვეუბნება, როცა შემოხვალ, უფლებები აღარ გექნება და როგორც მინდა, ისე უნდა გადავწყვიტო ყველაფერიო, ამაზე არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ დათანხმდება. ერთმანეთში რაღაცას თუ ლაპარაკობენ, ერთმანეთში ილაპარაკონ და ჩვენ თავი დაგვანებონ, რადგან ჩვენი მოცემულობაა ის, რომ ყველა ნორმალურ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ ისე, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესები და სუვერენიტეტი იყოს დაცული. ამიტომ, მინდა, რომ გავწევრიანდე და თუ მეუბნები, რომ შენს სუვერენიტეტს კი არ დავიცავ, არამედ უფრო შევამცირებო, ბუნებრივია, ამაზე არავინ დათანხმდება. მონტენეგრომ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა უფლებების გარეშე ევროკავშირში შესვლა და საქართველოში ეს არავის არ უნდა იმ რამდენიმე ტვინარეული ადამიანის გარდა, რომელიც ბრიუსელს პირდაპირ ექვემდებარება. ასეთი რამ იქნება თუ საქართველოსთან მიმართებით, ბუნებრივია, ამას არავინ დათანხმდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი