გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სუვერენიტეტი, თორემ ტრამპი საქართველოს პრემიერს ურთიერთობების აღდგენაზე კი არა დაუწყებდა საუბარს, არამედ ისაუბრებდა ისე, როგორც უკრაინაზე, ომის დასრულებაზე

11:53, 18.07.2026

„ხალხის ძალას“ არაერთხელ გვითქვამს, რომ დადგებოდა, დრო როდესაც შეერთებულ შტატებში ხელისუფლების შეცვლის შემდგომ საქართველოსთან ნელ-ნელა დაიწყებოდა ურთიერთობების აღდგენა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და ბუნებრივია, რომ გარკვეული დრო დასჭირდა, რათა საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა ნელ-ნელა დაწყებულიყო.

„მართალია, ამას დასჭირდა ერთი წელი და ცოტა მეტი, მაგრამ ამისი მიზეზიც ახსნა თავად რუბიომ, როდესაც თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოსთან ურთიერთობებში. ბუნებრივია, შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და გარკვეული დრო გახდა საჭირო, რომ საქართველოსთან გადატვირთვის ურთიერთობები ნელ-ნელა დაწყებულიყო. ეს არის ზუსტად ბუნებრივი შედეგი, როდესაც ჩვენი დელეგაციები ჩადიან შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოდიან საქართველოში, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია სახელმწიფო მდივანმა. პირდაპირი გაგებით, ეს ნიშნავს რომ სწორედ ის ბუნებრივი პროცესი ხდება, იმ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, რაც სამწუხაროდ, დააზიანა წინა ადმინისტრაციამ.

საქართველოს სუვერენიტეტს ვინც აღიარებს და პატივისცემით მოექცევა, ყველასთან გვექნება ძალიან სწორი და სტრატეგიული ურთიერთობები. ძალიან კარგია, როდესაც ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ულოცავს იმ პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში ნელ-ნელა იწყება აღდგენითი ურთიერთობები. ასევე, იზიარებს თავისთავად ბუნებრივად იმ ლეგიტიმაციას, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს საზოგადოებისგან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან დიდ კონფლიქტშია ევრობიუროკრატიასთან და ამბობს, რომ ევროპა დღეს კრიზისშია.

„რაც შეეხება ნაცაგენტურას, მის ფილიალებს, მათ პატრონებს უცხოეთში, ამათ თავად ტრამპი ებრძვის. ნახეთ, როგორ ლაგდება ახლა კონფიგურაცია; თავად ამერიკის პრეზიდენტი ძალიან დიდ კონფლიქტშია ევრობიუროკრატიასთან, პირდაპირ ამხელს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ამხილა და უთხრა რომ ჩინეთი და რუსეთი არ არის ევროპის პრობლემა, არამედ შიდა პრობლემები აქვს ევრობიუროკრატიას. შესაბამისად, ტრამპიც ამბობს, რომ ევროპა დღეს კრიზისშია. გამომდინარე აქედან, რა გასაკვირია, რომ საქართველომ ვთქვათ, რომ ევროპულ ღირებულებებს გადაუხვია სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიამ, ეს არის მოცემულობა. შეიძლება, ამ შემთხვევაში არ ესიამოვნოს აქაურ აგენტურას, ნაცაგენტურას და მათ ფილიალებს, მაგრამ ეს არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ჩვენ შევძელით და საქართველომ შევინარჩუნეთ ღირსება, შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი, თორემ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმაზე კი არ დაუწყებდა საუბარს, რომ კარგია, რომ აღვადგენთ ურთიერთობებსო. წინა ადმინისტრაციისთვის რომ დაგვეჯერებინა, ტრამპი საქართველოზე ისაუბრებდა ისე, როგორც სამწუხაროდ, ახლა საუბრობს უკრაინაზე, როდის დამთავრდება ომი და ა.შ., ეს არის რეალური მოცემულობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.

მსგავსი