გურამ მაჭარაშვილი - ჩანაწერი ავთენტური გამოდის, რადგან გიული ალასანია ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასული იყო სააკაშვილის გადასარწმუნებლად, საქართველოში არ ჩამოსულიყო
ჩანაწერის ნახევარის უარყოფა არასერიოზულია. გამოდის, ჩანაწერი ავთენტურია, რადგან გიული ალასანია ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასული იყო, რათა დაერწმუნებინა სააკაშვილი, საქართველოში არ ჩამოსულიყო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ოჯახის წევრმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო.
„სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები ჰქონდა და აქვს სააკაშვილის რეჟიმს. გიული ალასანია თავადაც არ უარყოფს, რომ უკრაინაში იყო ჩასული. მგონი, არასერიოზულია ნახევარი ჩანაწერის უარყოფა. გამოდის, ჩანაწერი ავთენტურია, რადგან გიული ალასანია ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასული იყო, რათა გადაერწმუნებინა სააკაშვილი, საქართველოში არ ჩამოსულიყო. რატომ უნდა გადაერწმუნებინა? ეს არის მტკიცება იმისა, რომ დაგეგმილი იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, არეულობის მოწყობა და ასე შემდეგ. ჩანაწერში მნიშვნელოვანი ფრაზაა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ფაქტორი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პატიმარ სააკაშვილს ჰქონდა, და როგორც ჩანს, ციხეში მოხვედრამდე ჰქონდა კავშირი რუსეთთან.
სააკაშვილის, როგორც აგენტის, საქართველოში ჩამოყვანა იყო ორგანიზებული და ამაში შეიძლება, ჩართული იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და ასე შემდეგ. ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს. სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო თუ არა, როგორც სჭირდებოდა, თავისი სუბიექტური პოზიციებიდან გამომდინარე, რომელ ქვეყანასთან როგორი ურთიერთობა აწყობდა, იმისდა მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებებს. ამ ჩანაწერებით სწორედ ეს დადასტურდა. ვერ გეტყვით, სააკაშვილს რუსეთთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული თუ ზეპირი შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, ოჯახის წევრმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. პირდაპირ ამბობს, მნიშვნელოვანია, რუსები საქართველოში სააკაშვილის ჩასვლაზე რას იტყვიანო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.