გურამ მაჭარაშვილი - ბოლო ერთ წელში საზოგადოებამ დაინახა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მისაღები იყო, მუქარები აღარ გაუვათ, ამ კანონს მივიღებთ
გურამ მაჭარაშვილი - ბოლო ერთ წელში საზოგადოებამ დაინახა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მისაღები იყო, მუქარები აღარ გაუვათ, ამ კანონს მივიღებთ

ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი და საზოგადოება რეალურად შეცდომაში შეიყვანეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებამ საქართველოშიც და უცხოეთშიც დაინახა, რომ გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მისაღები იყო.

„იმის შემდეგ მიიღო ევროპარლამენტმა, საფრანგეთმა და კანადამ. ზუსტად იგივე სახელწოდებით, როგორიც მაშინაც იყო და ახლაც არის ევროპარლამენტში ეს კანონი, რომელსაც იღებენ და ჰქვია „უცხოური გავლენისგან თავდასაცავად და გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. საზოგადოებამ ნახა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციები უარს ეუბნებიან პარლამენტის თავმჯდომარეს, უთხრან, ამ დონორი ორგანიზაციების ფული ქართულ „ენჯეოებში“ რისთვის ირიცხება. წარმოიდგინეთ უტიფრობა და თავხედობა – ამბობენ, რომ გამჭვირვალეა მათი საქმიანობა, ფინანსები და ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნებიან, რომ არ მისცემენ იმ პროექტების სიას, რომლებსაც აფინანსებს, მათ შორის, „ევროპის განვითარების ფონდი“. ეს არის რეალურად მათი სახე. ასე რომ, მუქარები აღარ გაუვათ და ამ კანონს მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ეძახის ოპოზიცია კანონპროექტს რუსულს, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კანონის დაბრენდვა და წაუკითხავად გაპროტესტება მათი ნიშა და სტანდარტია.

„მათმა პატრონებმა უთხრეს, საზოგადოებას არც კი წააკითხოთ, რადგან იქ არაფერი ანტიდემოკრატიული არ წერია, პირიქით, ევროპული ღირებულებაა. ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალობა და წარმოიდგინეთ, ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი და საზოგადოება რეალურად შეცდომაში შეიყვანეს. ამის შემდეგ არამხოლოდ ამ საკითხზე, სხვა ყველაფერზეც ვეღარ მოახერხებენ. საზოგადოებამ ისწავლა, რომ აქაური ოპოზიცია, „ენჯეოების“ დიდი ნაწილი და მათი პატრონები იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ, თან ღიად, და ამბობენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება, მიუღებელია და ევროპაში მისაღები ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტია“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.