გურამ მაჭარაშვილი - ბევრჯერ იყო შეთანხმების შესაძლებლობა, თუმცა ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ეს არასდროს გამოუყენებია
გურამ მაჭარაშვილი - ბევრჯერ იყო შეთანხმების შესაძლებლობა, თუმცა ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ეს არასდროს გამოუყენებია

ბევრჯერ იყო შეთანხმების შესაძლებლობა, თუმცა ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ეს არასდროს გამოუყენებია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმების სწრაფად მიღწევაზე პრეზიდენტის სურვილი აბსოლუტურად ბუნებრივია.

„პრეზიდენტის სურვილი, რომ პოლიტიკური შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად შედგეს, აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენი მოლოდინიცაა, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს. ბევრჯერ იყო შეთანხმების შესაძლებლობა, თუმცა სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ეს შესაძლებლობა არასოდეს გამოუყენებია. ეს ევროპელმა მეგობრებმაც კარგად გაიგეს. ეს კარგი არ არის, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან მაქსიმუმია გაკეთებული. ჩვენ უიმედოდ ახლაც არ ვართ. მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ თუნდაც ამ რადიკალურ ფრთაში გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც გააცნობიერებენ, რომ ხალხის რჩეულები არიან და საქართველოს პარლამენტში მუშაობა უნდა გააგრძელონ, თუნდაც იმ რეფორმებით, რაც მათი სურვილია. რეფორმები უნდა გატარდეს პარლამენტის მიერ და არა ქუჩაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისა და იმ ნაბიჯების გადადგმისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კრიტიკას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ზეპარტიულია და ამაში გასაკვირი არაფერია.

„საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა არის ზეპარტიული და აბსოლუტურად გვესმის მისი პოზიცია. მან ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას უთხრა, რომ გონიერება უნდა ეყოთ, რათა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ბუნებრივია, მისი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, მხრიდან. ამაში ჩვენ ვერაფერ გასაკვირს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.