გურამ მაჭარაშვილი - არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, პოლიტიკური ტემპერატურაც იწევს, ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფიც უფრო მასშტაბურია, ზოგს არჩევნების ტელეფონებით ჩატარება უნდა, ზოგს - აუდიოგამოკითხვა
არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, პოლიტიკური ტემპერატურაც უფრო იწევს და როგორც ჩანს, ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფიც უფრო მასშტაბურია, ზოგს არჩევნების ტელეფონებით ჩატარება უნდა, ზოგს – აუდიოგამოკითხვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის საქმე ისეა, წყალწაღებული რომ ხავსს ეკიდება.
„ცოტა ხანში ალბათ გამოვლენ იდეით, რომ არჩევნები რადიოთი ჩატარდეს. ეს ყველაფერი ისეა, წყალწაღებული ხავსს რომ ეკიდება, მაგრამ ეს ხავსიც აღარ აქვთ და იციან, შემოდგომაზე მათი პოლიტიკური მოსავალი რომ ნულის ტოლი იქნება. მაღალი ტემპერატურის ბრალია ის პოლიტიკური ბოდვები, რასთანაც საქმე გვაქვს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ღია მიმართვას უგზავნის.
როგორც ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველა მსხვილ ქალაქში უნდა აამოქმედონ აუდიოგამოკითხვის ცენტრები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვევა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა-უნდობლობის საკითხი და დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართაც.