გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილ საქმეზე ახლა რაც უნდა განაცხადონ, ამას ხალხი აღარ დაიჯერებს, შარშან ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდნენ
გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილ საქმეზე ახლა რაც უნდა განაცხადონ, ამას ხალხი აღარ დაიჯერებს, შარშან ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდნენ

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება რაც უფრო რეალური ხდება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პოლიტიკური პანაშვიდები. ეს არის რეალობა და ამას ყოველდღე ვხედავთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიის დღის წესრიგში აღარ დარჩა არაფერი, გარდა იმისა, რომ რადიკალური პროცესები მოიგონონ და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ.

„ქვეყანას, დიდი ალბათობით, სტატუსის მინიჭებას მივულოცავთ. ვინც სტატუსს ეწინააღმდეგება, ალბათ ამ ადამიანების გვარები ცნობილია. შარშან პარლამენტში პრემიერმა თქვა, პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიცია ქვეყნისთვის სტატუსის არმიცემას ითხოვდა. სხვათა შორის, თავისი აქტივობით ეს დაადასტურა სალომე სამადაშვილმა, ერთ-ერთი ასეთი თავად იყო. დეკანოიძემ და სამნიძემ კარგად იციან, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი სამადაშვილია, თუმცა მას თავადაც არ ჩამოუვარდებოდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის.

„შარშან არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა ლიდერებმა რევოლუციური პროცესი ხელში აიღეს და პარლამენტის წინ ხელისუფლების გადადგომა პირდაპირ მოითხოვეს. ხალხი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ასრულებს არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს. სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილ საქმეზე ახლა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ და ვისაც არ უნდა მიმართონ, ამას ქართველი ხალხი აღარ დაიჯერებს. შარშან ეს ადამიანები ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდნენ და ოპოზიციონერებს გადაუსწრეს. გამოჩნდა, რომ ფინანსდებოდნენ რევოლუციური სემინარებისთვის და გამოაშკარავებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ევროკომისიას, „არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს“.