გურამ მაჭარაშვილი - შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური, ბუნებრივია, ამიტომ გვინდა, ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი და არის კიდეც
გურამ მაჭარაშვილი - შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური, ბუნებრივია, ამიტომ გვინდა, ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი და არის კიდეც

ეროვნული ბანკი არის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, ამიტომ ბევრი რამ არის დამოკიდებული მასზე და, ზოგადად, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის შედეგებზეც ბუნებრივად პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რადგან ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკზეც და ნებისმიერი სამინისტროს თუ სფეროს მოქმედებებზე საზოგადოება პასუხს სთხოვს ხელისუფლებას.

„ამიტომაც არის ის, რომ იმავე ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით ჩვენ რა პოზიციაც გაგვაჩნია, რომ უნდა იყოს დამოუკიდებელი და არის კიდეც, თუმცა ეს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ხალხისგან და ხალხის მოთხოვნებისგან, სახელმწიფოს ინტერესებისგან, ამაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ იმ პრინციპით, რომ ეროვნული ბანკიც არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური და ბუნებრივია, რომ ამიტომ გვინდა, იყოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი და არის კიდეც, მაგრამ იყოს ხალხის ინტერესებში და სახელმწიფოს ინტერესებში, არ მოქმედებდეს ისე ძალიან დამოუკიდებლად, რომ საქართველოს მთავრობას არაფერს ეკითხებოდეს, რომელიც ასევე არის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.