გურამ მაჭარაშვილი - აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, ამის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არც კანონი აინტერესებს და არც გამჭვირვალობა
გურამ მაჭარაშვილი - აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, ამის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არც კანონი აინტერესებს და არც გამჭვირვალობა

რადიკალურ ოპოზიციას არც კანონი აინტერესებს და არც გამჭვირვალობა, მას აინტერესებს მხოლოდ არეულობა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითიც პარლამენტთან, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ხალხის გულწრფელი პროტესტის გამოყენებას შეეცადა.

„გუშინ ვიხილეთ, რა იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი ჯერ პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ჯერ კიდევ დაუწერელ კანონპროექტს უწოდეს რუსული. საერთოდ არც იყო დაინიცირებული, როდესაც რუსული უწოდეს. მიზანი გასაგები იყო, როგორ უნდოდათ ქართული კანონპროექტის რუსულად ე.წ. დაბრენდვა. შემდეგ, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იხილა ის რადიკალური პროცესები, რასაც ვითომ მშვიდობიანი აქცია დაარქვეს. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, მაგრამ ამ გულწრფელი პროტესტის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, რატომაც არ უნდათ გამჭვირვალობა და საჯაროობა.

სამწუხაროდ, ამას ეხმიანება ისიც, რომ კრამონი პირდაპირ აანონსებს რევოლუციური სცენარის მსგავსად, როგორც მოხდა უკრაინაში. მიზანი უკვე ცხადია. მგონი, საზოგადოებამ დაინახა, რა უნდოდა და რა უნდა რადიკალურ ოპოზიციას. არც კანონი აინტერესებს, არც გამჭვირვალობა და არც ინფორმირებული მოქალაქე, მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობა. საზოგადოებამ უმეტესწილად იცის, თუმცა შევეცდებით, უფრო მეტად ავუხსნათ, რას ნიშნავს გამჭვირვალობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.