გურამ მაჭარაშვილი - ადეკვატური რესურსი იქნება გამოყენებული, რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა
გურამ მაჭარაშვილი - ადეკვატური რესურსი იქნება გამოყენებული, რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა

ადეკვატური რესურსი იქნება გამოყენებული, რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ. რევოლუციური სცენარები არასოდეს გამოსვლია და არც ახლა გამოუვა.

„სახელმწიფომ რადიკალური ფრთის ნაცვლადაც უნდა აიღოს კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყანაში იმ პრინციპების დამკვიდრებას უზრუნველყოფს, რასაც ჰქვია დემოკრატიული სახელმწიფო და მართლმსაჯულება. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები, სამწუხაროდ, არც ერთ კანონს არ ემორჩილებიან და არ აღიარებენ არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რაც პირდაპირ დარტყმაა დემოკრატიულ პრინციპებზე. ჩვენი ევროპელი კოლეგები ამას უწოდებენ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ პროცესს. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, ამას ვაანალიზებთ და პროპორციულად ადეკვატური რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად აღიარა და უკვე საჯაროდ ამბობს, რომ მას მიზნად აქვს არეულობა, ის ე.წ რევოლუციური სცენარები, რაც არასოდეს გამოსვლია და არც გამოუვა. ამას საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში იყო ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, სასმართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისკენ. ეს ნიშნავს, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასმართლო, ეს უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.