გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დოკუმენტის მიმართ ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ უზრუნველყო
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დოკუმენტის მიმართ ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ უზრუნველყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დოკუმენტის მიმართ ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ უზრუნველყო.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მოწოდებულია ორივე მხარის მიმართ, რომლებიც შეთანხმების გაუქმების გამო წუხილს გამოთქვამენ.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობას ეს წუხილი სამი თვის განმავლობაში ჰქონდა, როცა ოპოზიციას მოუწოდებდა, რომ ეს შეთანხმება შეესრულებინა.

„შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა უზრუნველყო ოპოზიციის უდიერმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ამ დოკუმენტის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ვერ შეცვალა ვერც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებამ, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ და იქ არსებული საკითხები შეესრულებინათ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი არათუ არ მოაწერა, მხოლოდ სათავისოდ განმარტავდა იქ არსებულ საკითხებს და მხარს არ უჭერდა საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას და ბევრ იმ საკითხს, რომელიც შავით-თეთრზე დეტალურად ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში. საბოლოოდ ისეთი სურათი მივიღეთ, რომ ეს შეთანხმება იყო ცალმხრივად შესასრულებელი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა სამართლიანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.