გურამ კაშია - ტრავმა მოვიშუშე და გადამწყვეტი მატჩებისთვის მზად ვარ #1TVSPORT
გურამ კაშია - ტრავმა მოვიშუშე და გადამწყვეტი მატჩებისთვის მზად ვარ #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატში ტრნავას „სპარტაკთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ბრატისლავას „სლოვანის“ ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა გუნდის მცველს, გურამ კაშიას. ქართველმა ფეხბურთელმა მოახლოებულ დაპირისპირებასა და საკუთარ ტრავმაზე ისაუბრა.

მატჩი 28 აპრილს ბრატისლავაში გაიმართება და „სლოვანს“ (60 ქულა) აქვს შანსი, ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ (61 ქულა) გადაასწროს. ამიტომ ამ შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატის წლის დაპირისპირებად თვლიან.

„ტრნავას „სპარტაკს“ ოთხ დღეში ორჯერ შევხვდებით. პარასკევს ჩემპიონატის მატჩია, ხოლო ორშაბათს ტრნავაში – თასის ფინალი. ეს ორი სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. ჯერ ფინალზე არ ვფიქრობთ, თავში მხოლოდ პარასკევის შეხვედრა გვაქვს. ვიცით, სასწორზე რა დევს და საკუთარ მოედანზე სამი ქულის მოპოვება გვინდა.

სეზონი დასასრულს უახლოვდება. სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით „დუნაისკა სტრედას“ და თუ გავიმარჯვებთ, პირველ ადგილზე გადავალთ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გვსურს, დარჩენილი მატჩები სრული კონცენტრაციით ჩავატაროთ. დიდი მიზნები გვაქვს და მათ მისაღწევად პირველი ნაბიჯი პარასკევს უნდა გადავდგათ.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ტირილისა და წუწუნის დრო არ არის. სეზონის ბოლოა და ყველას რაღაც აწუხებს. წელს მართლაც დატვირთული სეზონი გვქონდა. გასული ზაფხულის შემდეგ 50-მდე მატჩი ვითამაშე. ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ ვახერხებ და მოედანზე გავდივარ, რაშიც ჩვენი სამედიცინო გუნდი მეხმარება. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და გადამწყვეტი მატჩებისთვის მზად ვარ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.