„გურამ კაშია თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, მაგრამ დიდი ალბათობით, „ვიტესში“ მისვლიდან 8 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველი
გუნდს დატოვებს“ – ინფორმაციას Vitesse.org ავრცელებს.
არნემის „ვიტესის“ ქართველი კაპიტნის მომავალზე გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: „ქართველი კაპიტანი თავგადასავლებითაა დაინტერესებული და შესაძლოა, ამერიკაში ან ახლო აღმოსავლეთში გადავიდეს“.
ინფორმაცია თავად კაშიამაც დაადასტურა, რომელმაც არნემულ კლუბში რეკორდი მოხსნა და მისი ფორმა 244 მატჩში მოირგო: „31 წლის ვარ და შესაფერისი დროა, რომ ახალი გზით წავიდე და თავგადასავლები ვეძებო. ეს კლუბის ხელმძღვანელობას თავადაც ვუთხარი.ეს წინადადებები ადრეც მქონდა და შესაძლო წასვლაზე კლუბი და მისი ხელმძღვანელობა 7-8 თვის წინ გავაფრთხილე. საფეხბურთო კარიერა ხანმოკლეა, „ვიტესში“ კი უკვე რვა წელი ვთამაშობ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის კარგი იქნება, ძალები ახალ ქვეყანაში რომ მოვსინჯო. ახლა ამის ერთ-ერთი ბოლო შანსი მექნება. და თუ წავალ, ეს ფულის გამო არ მოხდება – არამედ, ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობა მსურს“.
ინტერვიუში კაშიას შემდეგი კომენტარი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი არნემულ კლუბს დაემშვიდობა: „ვიტესთან“ შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. განსაკურებით, ბოლოს, როდესაც პლეი-ოფში ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ. თუ ეს „ვიტესში“ ჩემი ბოლო თამაშები იქნება, გამოდის, გუნდს ფანტასტიკურად დავემშვიდობები. „ვიტესი“ ყოელთვის დარჩება ჩემს გულში, რადგან რაც ახლა ვარ, ამ კლუბის დამსახურებაა“.