გურამ გოშთელიანი - გვინდა, „საბურთალოს“ მესამე ტიტული მოვაგებინოთ
გურამ გოშთელიანი - გვინდა, „საბურთალოს“ მესამე ტიტული მოვაგებინოთ
გურამ გოშთელიანი, რომელიც 2019 წელს გორის „დილაში“ იჯარით თამაშობდა, „საბურთალოს“ დაუბრუნდა. 23 წლის ფორვარდი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეა – მან „საბურთალოში” დაბრუნებაზე ილაპარაკა.
 
„გახარებული ვარ „საბურთალოში“ დაბრუნებით, რომელიც ჩემი სახლია. „საბურთალოში“ გაზრდილი ვარ და ბევრი ბედნიერი წუთები მახსოვს. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გია ცეცაძესთან მე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ასაკობრივ ნაკრებში გვიმუშავია და მის მოთხოვნებს კარგად ვიცნობთ” – ამბობს გურამ გოშთელიანი.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა მომავალ სეზონთან დაკავშირებულ იმედებზე ილაპარაკა: „საბურთალოს“ საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა და ვფიქრობ, ყოველწლიურად მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. გასული სეზონის შემდეგ გადახალისებული შემადგენლობა გვეყოლება, თუმცა „საბურთალოს“ მიზანი ისევ ყველა ტიტულისთვის ბრძოლა იქნება. ამას გარდა, ევროტურნირებზე წარმატებით უნდა ვითამაშოთ”.
გოშთელიანის თქმით, „საბურთალოს“ რთული და გრძელი სეზონი ელის: „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალ სეზონს როგორ დაიწყებ – წლის პირველ მატჩში ჩვენ და „დინამო“ ერთმანეთს სუპერთასზე შევხვდებით. სუპერთასის მოპოვების შანსი გასულ წელსაც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ტიტულის მოგებას მეორე ცდაზე ვეცდებით. ჩემპიონობისა და თასის შემდეგ, გვინდა, კლუბის ხანმოკლე ისტორიაში მესამე ტიტული მოვიპოვოთ და წელი წარმატებით დავიწყოთ”.