გუნდისგან მეტს ველოდი - არველაძე თასიდან გამოვარდნით იმედგაცრუებულია #1TVSPORT
„ჰალ სიტი“ ინგლისის ლიგის თასზე „ბრედფორდთან“ (ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში თამაშობს) 1:2 დამარცხდა – მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ აღიარა, რომ მოთამაშეებისგან უფრო მეტს ელოდა და იმედგაცრუება არ დამალა.
„ბიჭებისგან მეტს ველოდები. ვფიქრობ, თქვენ უკვე ნახეთ და მოთამაშეებმაც იციან, რომ მოდუნება ძვირად დაგვიჯდა. ეს იყო ზუსტად ის საფრთხე, რასაც ველოდი და მინდოდა, თავიდან აგვეცილებინა. რთულ თამაშს ველოდი და ამის შესახებ მატჩამდე ფეხბურთელებს ვესაუბრეთ.
მეტოქეს წარმატება უნდა მივულოცო – მათ ამ გამარჯვებისთვის ბევრი იშრომეს. ჩვენ კი გოლის შემდეგ გავჩერდით და ზედიზედ ორი გოლი გავუშვით. პირველ ტაიმში მეტოქემ ხუთი კუთხური მოაწოდა, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან მსუბუქად ვუყურებდით, რაც კლუბისთვის ძალიან სამწუხაროდ დასრულდა.
ეს ყოველთვის ხდება თასის თამაშებში. ასეთი მატჩები სათასო შეხვედრებს ინტერესს მატებს. მაგრამ მსგავსი გაკვეთილები რომ გაგვეთვალისწინებინა, ასე არ მოხდებოდა. ამაზე მოთამაშეებთან კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ გათამაშებას დავემშვიდობეთ და უკვე გვიანია“, – განაცხადა შოთა არველაძემ მატჩის შემდეგ.