გულიაშვილს ორი გოლი არ ჩაუთვალეს, მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგაში ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ორი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად ვერ გაიტანა.
„ვილიარეალმა“ მორენოს და პეპეს გოლებით გაიმარჯვა.
მიქაუტაძის გუნდი 32-ე ტურის შემდეგ 65 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, რადგან სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მეხუთეადგილოსან „ბეტისს“ 15 ქულით გადაასწრო (ესპანეთიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდი თამაშობს).
უიღბლო თამაში გამოუვიდა ლა ლიგა 2-ში სანტანდერის „რასინგის“ თავდამსხმელს, გიორგი გულიაშვილს. მან „სეუტას“ ორი გოლი გაუტანა, მაგრამ ორივეჯერ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა – მე-7 წუთზე თამაშგარე დაუფიქსირდა, ხოლო 56-ზე – ჯარიმა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
სანტანდერის „რასინგმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამართული 37 ტურის შემდეგ 69 ქულა დააგროვა, გათამაშების ლიდერია და სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლა ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.