გუგული მაღრაძე - ხალხს უნდა ცვლილებები, ოღონდ ევოლუციური და არა რევოლუციური
გუგული მაღრაძე - ხალხს უნდა ცვლილებები, ოღონდ ევოლუციური და არა რევოლუციური

არჩევნებში მთავარია,  ადამიანებს ჰქონდეთ თავისი აზრის, თავისი დამოკიდებულების შეუზღუდავად გამოხატვის საშუალება და ეს მიღწეულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცალკეული ექსცესები იყო, მაგრამ სისტემურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია.

„რაღაც ექსცესები ყოველთვის არის, ადამიანები არიან, ზოგი ემოციას ვერ თოკავს. სისტემური ხარვეზი არ ყოფილა. იყო ლაპარაკი ყალბ პირადობის მოწმობებზეც, თუმცა ერთი შემთხვევაც არ აღმოჩნდა ასეთი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტარმა საყოველთაო დაუმორჩილებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასა და ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის დაყენებაზეც ისაუბრა. გუგული მაღრაძის თქმით, ამის წინაპირობა საქართველოში არ არის.

„ვადამდელ არჩევნებს თავისი წინაპირობები აქვს, რაც საქართველოში ნამდვილად არ არის დღეს. არ აღვნიშნავთ ხოლმე, თორემ შინაგანად ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ 6 წელი სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს. არჩევნებში გამოჩნდა, რომ ადამიანებს უნდათ სტაბილურად, მშვიდობიანად იცხოვრონ. უნდათ ცვლილებები, ოღონდ ევოლუციური და არა რევოლუციური. სწორედ ასეთი ცვლილებების განმახორციელებლად ეგულებათ „ქართული ოცნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე არ ვამბობ, მაგრამ აქაურ ფრთას, რომელიც საქართველოშია, საკმაოდ გონივრული დამოკიდებულება აქვს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და იციან, რომ არ არის ის მხარდაჭერა ხალხში, რომ  შეძლონ დიდი და ორგანიზებული გამოსვლები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეკრებაზეც ამაზე იქნება ლაპარაკი. იტყვიან, რომ იყო დარღვევები, მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად გაემიჯნებიან სააკაშვილის მოწოდებას არეულობასა და ქუჩაში გამოსვლაზე. ჩემი აზრით, მათ საკმაოდ აწყობთ სიტუაცია, რაც არის. 40 პროცენტი ძალიან დიდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მე ყველაზე მეტად ეს მაკვირვებს და მაღელვებს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.