გუდაურში ექსპერტიზის ჩასატარებლად საერთაშორისო დამოუკიდებელ სპეციალისტებს მიიწვევენ
გუდაურში ექსპერტიზის ჩასატარებლად საერთაშორისო დამოუკიდებელ სპეციალისტებს მიიწვევენ

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები.

პირველი ვიცე-პრემიერი საბაგიროზე არსებულ ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება. „მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.

ამასთან, კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები. წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.