გუბაზ სანიკიძემ უმრავლესობას მიმართა - მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ჭეშმარიტების ტაიჭზე ამხედრებული და სიმართლის ველ-მინდვრებზე დაჭენაობთ, მაგრამ მაქვს ერთი კითხვა, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში
გუბაზ სანიკიძემ უმრავლესობას მიმართა - მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ჭეშმარიტების ტაიჭზე ამხედრებული და სიმართლის ველ-მინდვრებზე დაჭენაობთ, მაგრამ მაქვს ერთი კითხვა, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში

მზად ვარ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება, მოვრიგდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით არჩეულმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამის შემდეგ გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.

სანიკიძის თქმით, მას აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ისეთი დღეები გაქვთ, ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაცხრობი, გასაგებია ეს, სხვათაშორის, გითანაგრძნობთ ამაში, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, რავიცი, 24 სააუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ თქვენ მოსულიყავით 24 საუკუნის შემდეგ ხელისუფლებაში. მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცი, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველ-მინდვრებზე დაჭენაობთ, გასაგებია, მაგრამ ერთი მთავარი, თავადი შეკითხვა მაქვს თქვენთან, თქვენგან ქართველ ხალხს ამ შეკითხავაზე პასუხი არ მიუღია – როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში, გაგვეცით ამაზე პასუხი. ოფიციალურად პასუხს თუ მივიღებთ, მე გაძლევთ პირობას, რომ ამას მხარს დავუჭერ, ოღონდ, პასუხი გაგვეცით, როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში, ამაზე გამეცით პასუხი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.