გუბაზ სანიკიძე - რეპრესიებია დაწყებული საქართველოში
გუბაზ სანიკიძე - რეპრესიებია დაწყებული საქართველოში

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე შსს-ში იმყოფებოდა და უწყებას განცხადებით მიმართა, რომ მისი დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდეს. სანიკიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას არ ენდობა.

„გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა, პრინციპში აღიარებითი ჩვენება. მაქვს უნდობლობა საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ. რაც შეეხება გამოკითხვას, რასაც შემეკითხებიან, პასუხს გავცემ იმის შესახებ. ვერ ვივარაუდებ, რა დააინტერესებთ. ფაქტია, რომ რეპრესიებია დაწყებული საქართველოში. აქციის მონაწილე ხუთი კაცია დაპატიმრებული, პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. ამიტომ, მეტი ტვინი არ აქვს ამ ბიძინა ივანიშვილს, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული მემკვიდრეა და ჰგონია, რომ შეგვაშინებს, ბიძინას შეშინებული არ გაიშვას. თვითონ კურდღელია და სხვაც კურდღელი ჰგონია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, მას ბრალდებულის სტატუსიც მიენიჭოს.

„რასაც უნდა, იმას შეკერავენ, მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ეს ხელისუფლება წითელ ხაზებს გადავიდა, როცა ქართველი ახალგაზრდების სისხლი დაღვარა 20 ივნისს. ამიტომ, ახლა სტატუსი ასეთია – ქართველ ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არის სისხლი და ვინც ქართველების სისხლი დაღვარა, ყველა ხელისუფლება სად ბრძანდება, კარგად ვიცით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია არაადეკვატურია და უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას.

„შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიკური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება, გუშინ რაც მოვისმინე. შეძრწუნებული ვარ. არაადეკვატურია და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი რადგან სახიფათოა საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. ფაქტია, გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ, კაცი ჭკუაზე არ არის, ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი. შს მინისტრი ღირსეული მიმდევარია გათახსირებული, ზნედაცემული ბიძინა ივანიშვილის.

დაგვადანაშაულონ, პრობლემა არ არის, საქართველოში ყოველთვის ქვეყნისთვის ბრძოლა გადიოდა სიკვდილ-სიცოცხლეზე, ციხეზე და ასე შემდეგ, ეს გააზრებული მაქვს. 30 წელია, ამ საქმეში ვარ და ბიძინა ივანიშვილის კი არა, საბჭოთა კავშირის არ მეშინოდა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი დაიბარა გამოკითხვაზე. შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.