გუბაზ სანიკიძე - ჩვენ გთავაზობთ გზას, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს
გუბაზ სანიკიძე - ჩვენ გთავაზობთ გზას, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს

კრიმინალური ოლიგარქია უნდა დასრულდეს , ქვეყანას სჭირდება გამარჯვება, ამიტომ ჩვენს მოძრაობას ვარქმევთ სახელს „გამარჯვებული საქართველო“, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას.

„ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება და მისი თავიკაცი იმართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სოციალური და პოლიტიკური რასიზმი. სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი, კერძო ინტერესი, სადაც სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის ადმინისტრაციული მონობას. სადაც განვითარება და წინსვლა უარყოფილია სასაფლაოს სტაბილურობით, სადაც დამკვიდრებულია პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ზნეობრივი ანტისანიტარია, სადაც სახელმწიფო იმართება ერთი ადამიანის სურვილით და არა კანონით, სადაც სიტყვას ფასი არ აქვს, სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან. ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ მეორე გზას, სადაც სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპირდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება, სადაც სამართალი იზეიმებს, სადაც აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი, დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს შინ და გარეთ, ვისაც სურვილი აქვს ბრძოლისა და წინსვლის, ვინც ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრებს ხელისუფლებას, ვინც იღვაწებს გამარჯვებისათვის 2020 წლის არჩევნებში.

„კრიმინალური ოლიგარქია უნდა დასრულდეს, ქვეყანას სჭირდება გამარჯვება, ამიტომ ჩვენს მოძრაობას ვარქმევთ სახელს „გამარჯვებული საქართველო“. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ერსა და ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა სანიკიძემ.

დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე „დრუპი“ და სხვები.