Guardian - დასავლეთს გაერო-ში რუსეთის ვეტოს დაძლევა შეუძლია
Guardian - დასავლეთს გაერო-ში რუსეთის ვეტოს დაძლევა შეუძლია

დასავლეთს გაერო-ში რუსეთის ვეტოს დაძლევა შეუძლია – როგორც ბრიტანული Guardian-ი წერს, დასავლეთის ქვეყნები აპირებენ გამოიყენონ გაეროს რეზოლუცია, რომელიც საშუალებას იძლევა, სირიის საკითხზე დოკუმენტს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნაცვლად, ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ უყაროს კენჭი.

საუბარია 1950 წელს მიღებულ რეზოლუციაზე – „ერთობა მშვიდობისთვის“. ის საშუალებას იძლევა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის ვეტო დაიძლიოს და სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხზე რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ეყაროს კენჭი.

Guardian-ის ცნობით, სირიაში შექმნილი ვითარება შვედეთში, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ, დახურულ შეხვედრაზე განიხილეს. ამავე თემაზე რამდენიმე შეხვედრა მიმდინარე კვირაშიც არის დაგეგმილი. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ თუ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უპასუხოდ დარჩება, ეს ბაშარ ასადის ხელისუფლებას უბიძგებს იგივე მეთოდებს მომავალშიც მიმართოს და ამავე დროს, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მსოფლიო წესრიგს.

სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართული სხდომების დროს რუსეთმა ვეტო უკვე 11-ჯერ გამოიყენა.