გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე უარი არ უთქვამს
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე უარი არ უთქვამს

რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების იდეაზე უარს არ ამბობს.

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი იყო და არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, შესაძლოა, ვიზების საკითხი ორმხრივ დღის წესრიგში დააბრუნოს.

რუსეთი ყოველთვის მზადაა ყველა სახის მოლაპრაკებებისთვის, მათ შორის უმაღლეს დონზე შეხვედრებისთვის. სამწუხაროდ, ქართული მხარესგან ამისთვის სერიოზული მზადყოფნა არ შეინიშნება. ბოლო მოვლენებმა ეს ნათლად აჩვენა. ქართველი პოლიტიკოსების მისწრაფებები, რადიკალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კონცენტრაცია მოახდინონ იმ პრობლემებზე, რომლებიც გვყოფენ, მაშინ ჩვენ რეალურად შევძლებდით წინ წაწევას და ნებისმიერი დონის შეხვედრისთვის მზადებას“, – აცხადებს კარასინი.

ამასთან, რუსი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მიუღებელ წინაპირობას აყენებს.

„ამ ურთიერთობების აღდგენისთვის, თბილისი აყენებს მიუღებელ წინაპირობას, რომ ჩვენ უკან წავიღოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასეთია არსებული რეალობა“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ის ასევე ასახელებს იმ პირობებს, რომლის შესრულების შემთხვევაში საქართველოს მიმართულებით ფრენები აღდგება. კარასინი იმასაც ამბობს, რომ მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვა „დროებითი ზომაა“.

„ეს პირობები მკაფიოდ არის განსაზღვრული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიული კამპანიის დასრულება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველანაირი საფრთხეების გაქრობა“, – ამბობს რუსი დიპლომატი „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.