გრიგოლ ცაავა - მჯერა, ბელარუსთან მოგება შეგვიძლია
გრიგოლ ცაავა - მჯერა, ბელარუსთან მოგება შეგვიძლია
თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა გრიგოლ ცაავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ „ჯვაროსნები“ საქართველოს გაახარებენ.
„მთელი საქართველო ოცნებობს, რომ ჩვენი ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე იხილოს. იმედი და სურვილი მაქვს, ასეც მოხდება და ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას და შემდეგ მეორე მატჩსაც ვიხილავთ. მიმაჩნია, რომ ეს რეალურია, რადგან საქართველოს ნაკრებს ამის საფუძველი აქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გრიგოლ ცაავამ.
გრიგოლ ცაავა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ამპლუით ნახევარმცველი თბილისის „დინამოში“ 1979-1987 (პირველი ნახევარი), 1988 (მეორე ნახევარი)-1990 წლებში თამაშობდა. ცაავა სსრკ-ს 1982 წლის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა.