გრიგოლ ვაშაძეს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანება სურს
გრიგოლ ვაშაძეს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანება სურს

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო გრიგოლ ვაშაძის მიმართვა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი 15 წევრით უკვე შევსებულია და ამ ეტაპზე დამატებითი წევრის მიღების შესაძლებლობა არ არის.

სამხარაძის განმარტებით, საკითხი შესაძლოა, განხილული იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად გადანაწილდება წევრთა რაოდენობა.

„კომიტეტში უკვე არის 15 წევრი, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია, აქედან გამომდინარე, ჩვენ დამატებით წევრს ვერ მივიღებთ, ეს საკითხი შეიძლება, განხილული იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად გადანაწილდება წევრების რაოდენობა და შემდეგ გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრობაზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, წევრთა რაოდენობის 15-დან 17-მდე გაზრდის საკითხი განიხილონ.

„რადგანაც ეს ერთ-ერთი ის კომიტეტია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა წევრობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, შემდეგ უკვე ვიფიქროთ ვთქვათ 17 წევრამდე გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად. მაქსიმალურად მოხდეს ყველა სურვილის დაკმაყოფილება, რაც კანონმდებლობით ჩვენთვის შესაძლებელია“, – განაცხადა კუჭავამ.

გარდა ამისა, კახა კუჭავას თქმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდეგ უკვე დამოუკიდებელ დეპუტატებსაც მიეცემათ საშუალება, პოლიტიკური ჯგუფები შექმნან.

„ეს გამოიწვევს კვოტების ცვლილებას, რომ მათი წარმომადგენლობა იყოს განსაზღვრული როგორც კომიტეტებში, ისე დელეგაციებში. ამიტომ, მოდით, ჯერ დაჩქარებული წესით რასაც ვიხილავთ, მივიღოთ და შემდეგ მოგვიწევს ამ საკითხზე დაბრუნება. მანამდე ჩემი თხოვნა იქნებოდა, კონსულტაცია მოხდეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომ წინასწარ ვიცოდეთ სურათი, მაქსიმალურად მოხდეს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.