გრიგოლ ვაშაძე - უნდა დაიწყოს იმის გამოკვლევა, ვინ გასცა რეალურად შეტევის დაწყების ბრძანება
გრიგოლ ვაშაძე - უნდა დაიწყოს იმის გამოკვლევა, ვინ გასცა რეალურად შეტევის დაწყების ბრძანება

უნდა დავიწყოთ იმის გამოკვლევა, ვინ დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა ჯერ კიდევ დღის 12:00 საათიდან, შემდეგ ვინ გასცა რეალურად შეტევის დაწყების ბრძანება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლესთან დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.

„პრობლემა არ მქონდა არც პროკურატურაში, არც შსს-ში მისვლის, მაგრამ რადგანაც ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან შემდგარიყო ჩვენი დაკითხვა თუ გამოკითხვა, შტრაიკბრეხერობა არავის უნდა და არც მე მჭირდება. დასამალი არაფერი გვაქვს, უბრალოდ როდესაც ჯერ ჩვენ გვიბარებენ იმ მომენტამდე, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არის დაკითხული, ეს მეჩვენება უბრალოდ დაცინვად მართლმსაჯულების.

20 ივნისს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული პარლამენტში, სადაც თავისუფლად დაჯლიგინებდა ასობით პოლიციელი და ახლა დავუჯერო მე, რომ მათ საშვები გამოუწერეს და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულიყო პარლამენტის დადგენილების გარეშე. აი აქედან უნდა დავიწყოთ იმის გამოკვლევა, ვინ დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა ჯერ კიდევ დღის 12:00 საათიდან, შემდეგ ვინ გასცა რეალურად შეტევის დაწყების ბრძანება. როდესაც ვიდექი პოლიციის წინ და მოლაპარაკებებს ველოდებოდი პოლიციის რაციაში მესმოდა: ე.ი. მიღწეულია გადაწყვეტილება რომ 12:00 საათზე ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს? ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, სამჯერადი გაფრთხილების გარეშე და გონივრული ვადის გარეშე, რომ დაშლილიყო მანიფესტაცია, სამართალდამცველებმა დაიწყეს შტურმი ყველაზე სახიფათო იარაღით, გაზით, რეზინისა და პლასტიკის ტყვიებით და შემდეგ, სულ ბოლოს, სადღაც რუსთაველის თეატრის მიდამოებში რომ იყვნენ უკვე მანიფესტანტები, მაშინ გამოიყენეს წყლის ჭავლი. აი, ეს საკითხები მაქვს მე, თორემ დანარჩენ შეკითხვებს სიამოვნებით წუთი წუთზე გავცემ პასუხს, მით უმეტეს, იცით, რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.