გრიგოლ ვაშაძე - ვადამდელ არჩევნებზე რომ ვლაპარაკობთ, კანონში ცვლილებებია შესატანი, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად ვთქვათ, ეს ყველას წაადგება
შესრულდეს ხალხის მოთხოვნა, გადადგეს შს მინისტრი და შემდეგ დავიწყებთ ლაპარაკს, როგორ ჩავატაროთ დასავლური სტანდარტების პროპორციული არჩევნები, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
„მოთხოვნები არ მაქვს მე, მოთხოვნები აქვს აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიას, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ხალხის მოთხოვნა, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არც საქართველოს მთავრობაში და არც თანამდებობაზე ყოფნას არ იმსახურებს. ამის შემდეგ შევუდგეთ ლაპარაკს იმაზე, როგორ ჩავატაროთ გამჭვირვალედ, დემოკრატიულად, უმაღლესი დასავლური სტანდარტების შესაბამისი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ისე სახელმწიფოს გამოყვანა ამ კრიზისიდან არის შეუძლებელი, კრიზისი თუ დამთავრდა, სახელმწიფოებრიობა დგება რისკის ქვეშ.
ვადამდელზე რომ ვლაპარაკობთ, გონებრივ ვადებზე უნდა ვილაპარაკოთ. კონსტიტუციაში არის ცვლილებები შესატანი, საარჩევნო კანონში არის ცვლილებები შესატანი, ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად ვთქვათ, ყველას წაადგება ეს, დამიჯერეთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.