გრიგოლ ვაშაძე - საუბარში „ქართული ოცნება“ შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებისკენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უცხოელ დიპლომატებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები არაფორმალურია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განუცხადა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს.
„ეს არის არაფორმალური შეხვედრები, არავითარი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა, რომც გაკეთებულიყო, ჯერჯერობით, არავის მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ მონეტას ძველებურად ორი მხარე აქვს – პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება გაკეთებული არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით იქ ზის, ის ხალხი, რომელზეც საქმეებია წარმოებული, ეს საქმეები არ შეწყდება, არავითარი შეთანხმება არ შედგება“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, არ არის სწორი, როდესაც ხელისუფლება ფასილიტატორებს თავის მხარედ ასახელებს. ვაშაძის თქმით, ისინი ობიექტური დამკვირვებლები არიან და აქვთ ერთი პოზიცია – მშვიდობიანი, დასავლური ტიპის არჩევნების ჩატარება.
„საუბარში „ქართული ოცნება“ შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებისკენ. მოვასწრებთ იმ დანიშნულების წერტილამდე მისვლას, რომელსაც ჰქვია პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა თუ ვერ მოვასწრებთ, რამდენიმე დღე დარჩა და გვაჩვენებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.