გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს, როგორც საქართველოს მოქალაქე
სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა. ამ განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ დებატებში მონაწილე დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი სტრატეგია და გულისხმობს თუ არა ეს სტრატეგია სააკაშვილის ჩამოყვანასა და ქვეყნის გადატრიალებას.
„სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე. მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ქვეყანაში იცხოვროს.
თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, არც „ქურდული ოცნება“ და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და ყველას ის მისცემს შეფასებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.