გრიგოლ ვაშაძე - აფრენილ ჩიტს რომ მოარტყამ ტყვიას, 2012 წელს ისე გაჩერდა კახეთში ყველაფერი
გრიგოლ ვაშაძე - აფრენილ ჩიტს რომ მოარტყამ ტყვიას, 2012 წელს ისე გაჩერდა კახეთში ყველაფერი

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებმა კახეთში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და მოქალაქეებს მათი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ყვარელში ცენტრში რომ შემოდიხარ, ვიდრე იუსტიციის სახლს გაივლი, კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, თელავში, სიღნაღში, ყვარელში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არა მარტო უცხოელი ტურისტები, საქართველოს მოქალაქეები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ღვინის წარმოების ხელოვნებამდე აყვანა, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და, სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ მოარტყამ ტყვიას, ისე გაჩერდა ეს ყველაფერი 2012 წელს.

ქიზიყში ბატონყმობა არ ყოფილა და 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონყმობა. ერთი თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ. მე ქუთაისის მაჟორიტარი ვარ და ერთმა ჩემიანმა მითხრა თელავში, ჩემი ვენახი იქ არის, ქუთაისში რა ჩემი ფეხები გაქვს რო? მაგრამ ერთნაირად მიყვარს იმერეთიც, კახეთიც და მთლიანი საქართველო. მინდა, იმ ლამაზმა ბავშვებმა, ვინც მშობლებს მოყვნენ დღეს აქ, 31 ოქტომბერს მშბობლების, ბებიების, ბაბუების მიერ ჩაგდებული ბიულეტენით შეიძინონ გარანტია იმისა, რომ არასოდეს ემიგრაციაში წასვლა არ დასჭირდებათ, არასდროს იქნებიან ლუკმა-პურის ძებნაში, იცხოვრებენ ისეთ კახეთში, რომელიც ტოსკანას და ბორდოს შეეჯიბრება, ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ასეთი მშრომელი და ნიჭიერი ხალხი დედამიწის ზურგზე არ არის.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ჩემმა პარტიამ კახეთში დაასახელა ორი ნამდვილი ვაჟკაცი, სასახელო ადამიანი. მარტო იმას თუ გეტყვით, რომ ესენი არიან კახეთის გარდაქმნის მონაწილეები, ესეც საკმარისი იქნება. ლევან ბეჟაშვილმა მოძველებული, ჩამყაყებული, კომუნისტური, ბოლშევიკური კანტორა გადააქცია თანამედროვე აუდიტის სამსახურად. გიორგი ბოტკოველი დღე და ღამე მუშაობდა იმაზე, რომ კახეთში მშრომელ ადამიანს საშუალება ჰქონოდა, ოჯახი კიარ შეენახა, ამაყად მდგარიყო ფეხზე. ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, კარგად გაითვალისწინეთ ყველაფერი, რაც ცხრა წლის და რაც რვა წლის განმავლობაში ნახეთ. რომ შეადარებთ ერთმანეთს, გულით, სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეთ. თუ გვინდა, ნორმალური, განვითარებული, ცივილიზებული, დემოკრატიული საქართველო ვნახოთ, გაერთიანებული ოპიზიციის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ძალიან მიყვარხართ, კახეთის მაგარი იმედი მაქვს“, –  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.