გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ელიზაბეთ რუდთან სადილზე საუბარი პოლიტიკასაც შეეხო, თუმცა არაფერზე შეთანხმებულან
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან შეკრიბა ის ადამიანები, ვისთანაც მუდმივად აქვს კონტაქტი, მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის გამო.
„საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზეც. არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა. საუბრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩებიან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, გაიმართება თუ არა შეხვედრა ოპოზიციასა დ ხელისუფლებას შორის კვირის ბოლომდე, ვაშაძემ განაცხადა: „შეხვედრა არ გაიმართება, რადგან ჯერჯერობით არ არის სალაპარაკო თემა“.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. როგორც სადილიდან გამოსულები აცხადებენ, შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები, გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, ასევე ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობიდან“, დავით უსუფაშვილი „ლელოდან“.