გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას
გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ.

მისი თქმით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მუდმივად მიმდინარეობს საზღვრის მართვის სისტემების უზრუნველყოფა და არსებული სისტემებისთვის ახალი ფუნქციების დამატება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბირთვულ და რადიოაქტიურ ინციდენტებზე რეაგირების დროს.

„თანამშრომლობის ფარგლებში სამსახურის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები. მჭიდრო ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს დონორებთან კოორდინაცია და ერთიანი მიდგომის საფუძველზე მოხდეს ეროვნულ დონეზე ქვეყნის შესაძლებლობების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. სამსახურის კოორდინაციით იგეგმება ქბრბ საფრთხეების შემცირების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ძვირფასო პარლამენტარებო, იმისათვის, რომ უკვე მესამე მოსმენითაც გავიდა შესაბამისი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს სამსახურს აღადგინოს სასწავლო ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში გააჩნდა სისტემას. ეს სასწავლო ცენტრი არ იქნება უმაღლესი განათლების მიმცემი ორგანიზაცია ჯერჯერობით, თუმცა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ სასწავლებელთან დაკავშირებით და სამომავლოდ აუცილებლად იქნება უმაღლესი განათლების მიმცემი სასწავლებელი, რაც საშუალებას მოგვცემს ქუჩიდან კი არ მივიღოთ თაობები, არამედ მივიღოთ უკვე გადამზადებული სასწავლო პროგრამაგავლილი, შესაბამისი უნარებით აღჭურვილი თაობები, ეს აუცილებლად დაეტყობა მოკლე ხანში ჩვენს სამსახურს და ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობას. ამისთვის კიდევ ერთხელ თქვენ დიდი მადლობა და ბიუჯეტირების ნაწილში იმედი მაქვს რომ გვექნება ხელშეწყობა, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გავითვალისწინოთ განვითარებისთვის საჭირო თანხები.

ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების წარმატებულად განხორციელების მიზნით, უსაფრთხოების სამსახური ყველა მიმართულებით საჭიროებს საქართველოს მოქალაქეების, შესაბამისად მათი რჩეულების საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.