გრიგოლ ლილუაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას არაჩვეულებრივი გეგმა აქვს და მათ ხელს ვერ შევუშლით
გრიგოლ ლილუაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას არაჩვეულებრივი გეგმა აქვს და მათ ხელს ვერ შევუშლით

საზოგადოებრივი მაუწყებელის ისეთ დაფინანსებაზე გადასვლა, როგორსაც რომან გოცირიძე ითხოვს, მის დამოუკიდებლობის ხარისხს არ წაადგება, თუმცა იდეალური შეიძლება არც ერთი იყოს და არც მეორე, სხვა ფორმის მოძებნაც შეიძლება, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის მიერ წარდგენილ ინიციატივას გამოეხმაურა.

ლილუაშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი დღესაც გარანტირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამას წინა ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გზით მშვენივრად იყენებდა.

„წინა ხელისუფლება თავის სასარგებლო გადაცემების გაკეთებას და საინფორმაციო პოლიტიკის წარმართვას კარგად ახერხებდა. ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს. შესაბამისად, ცენტრალური ბიუჯეტიდან მაუწყებლის დაფინანსება პროექტის სახით მოხდება, თუ მთლიან შიდა პროდუქტზე მიბმით, ტელევიზია მაინც გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. თითოეული თეთრი და ლარი სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული მაინც იქნება, რადგან პარლამენტი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს ამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ, მმართველ მენეჯმენტს აკონტროლებს და ეს კავშირი უზრუნველყოფილი ყოველთვის იქნება, რათა თითოეული კაპიკი გაკონტროლებული იყოს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს“, – აცხადებს ლილუაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას არაჩვეულებრივი გეგმა აქვს.

„მათ ხელს ვერ შევუშლით და ეს რომც გვინდოდეს, ვერ გავაკეთებთ, რადგან მათი სარედაქციო პოლიტიკა გარანტირებულია და მასში ჩვენი ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს. არ მგონია, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ის თემა იყოს, რის გამოც პოლიტიკური ტემპერატურა უნდა ავწიოთ. მთავარია, მენეჯმენტს სწორი ხედვები გააჩნია და ყველა უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ხედვების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ. ღმერთმა ქნას, რომ საქართველოს მშპ იმ დონემდე ავიდეს, რომ მისი 0,14 პროცენტი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სერიოზული წინსვლა ყოფილიყოს და შეიძლება, უკვე განვითარებულ მაუწყებელს ეს თანხები არ დასჭირდეს და მის ეკონომიაზე ვიფიქროთ. არ მგონია, რომ ეს კოლოსალური თანხა იყოს იმისთვის, რომ ერთი სრულყოფილი ტელევიზია არსებობდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

რომან გოცირიძის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ცვლილებების მიხედვით, უქმდება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტით. ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განისაზღვრება.

დატოვე კომენტარი