გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ.
ლილუაშვილის თქმით, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.
„შეიარაღებულ კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვა სახის კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო.
ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.