გრიგოლ ლილუაშვილი - ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კიბერუსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილებების რეგლამენტირებაა
ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების რეგლამენტირება, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ.
„მნიშვნელოვან რისკს, ასევე, წარმოადგენს სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.
სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში არსებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა კომპიუტერული ინციდენტებისგან, რომელთა უსაფრთხო ფუნქციონირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
შესაბამისად, ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების რეგლამენტირება. კიბერსივრცისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სსიპ- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიების შენარჩუნება და გაზრდა. ამ მიმართულებით უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომპონენტს, სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან არსებული სისტემის რეფორმირებისა და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შექმნის მიმართულებით“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.