გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარეაქტორებთან შესაძლო კავშირის პოლიტიკური ძალების გააქტიურების ტენდენცია, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ გამოხატვის უფლებას
გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარეაქტორებთან შესაძლო კავშირის პოლიტიკური ძალების გააქტიურების ტენდენცია, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ გამოხატვის უფლებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სუს-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებითაც ისაუბრა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კითხვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან აქტუალურია.

მისივე თქმით, 2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებით და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული, რასაც ლილუაშვილის შეფასებით, უწყებამ ჯეროვნად გაართვა თავი.

„ხშირად საჯარო სივრცეში ისმის კითხვები კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ. ძალიან აქტუალურია კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება და ასე ვთქვათ, საზოგადოების, პოლიტიკოსების მხრიდან ამ ინფორმაციაზე მოთხოვნაა. უკვე აღინიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2021 წელი დატვირთული იყო სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებით და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით. გააქტიურებული იყო მეზობელი ქვეყნების მიმართულებით რუსეთის აგრესია. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა ექსპანსიური პოლიტიკის გაძლიერების ტენდენციაში, რაც 2022 წლის დასაწყისში დაგვირგვინდა კიდეც უკრაინაში შექმნილი მწვავე კრიზისით, საომარი მოქმედებებით, რამაც არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი გამოწვევები შეუქმნა კონტრდაზვერვითი საქმიანობის სფეროს და ჩვენს სამსახურს მისცა დამატებითი თავსატეხები, გადასაჭრელი პრობლემები. ვფიქრობ, სამსახურმა ამას ჯეროვნად გაართვა თავი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებისა და აღნიშნულის შედეგად, ქვეყანაში მოსალოდნელი მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.

„რეგიონში შექმნილი ვითარებისა და აღნიშნულის შედეგად, ქვეყანაში მოსალოდნელი მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს, ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს, სახიფათო ტენდენციების გამოვლენასა და მათზე ეფექტურ რეაგირებას. მიმდინარე წელს, სამსახურის მიერ გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები. მათი სადაზვერვო საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების იდენტიფიცირების მიზნით აქტიურად ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირებისა და ჯგუფების გამოვლენა და დადგენა. მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა. ეს არის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი პრინციპი – გამოვლენა, დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები. სამსახურის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასარიდებლად. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან და მათთან შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწვეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე პროცესების, იდენტიფიცირებული სახიფათო ტენდენციებისა და გამოკვეთილი საფრთხეების შესახებ. სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით, უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საფრთხეების, რისკების შეფასებასა და დეტალურ ანალიზს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა ასავე აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი.

„უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი. მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპორტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ. ასევე, ზოგადად, თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობების, არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარეაქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების გააქტიურების ტენდენცია, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას.

„საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვა, სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანება, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანა, შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობა საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით დაინტერესებული ძალების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა. მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები ასევე მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისკენ. მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციული გარეაქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, მათ შორის სოციალური ქსელების, ვებგვერდების, ინტერნეტტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას. ემსახურებოდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითაც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობისა და დისონანსის შეტანას.

ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესის პროვოცორებისთვის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალები ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ. ცალკეული ჯგუფების მიერ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ და ძალადობრივ მოწოდებებს, ქვეყანაში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზებისთვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზება, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით. ფიქსირდებოდა მცდელობები, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხებისა და დესტაბილიზაციის შექმნისკენ. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.