გრიგოლ გიორგაძე - გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ თავდაცვის კოდექსი, რომელსაც სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები შემოაქვს და თავდაცვის ორგანიზებისთვის სამართლებრივ მექანიზმს ქმნის
გრიგოლ გიორგაძე - გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ თავდაცვის კოდექსი, რომელსაც სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები შემოაქვს და თავდაცვის ორგანიზებისთვის სამართლებრივ მექანიზმს ქმნის

დღეს არის ისტორიული პერიოდი, როდესაც მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, თავდაცვის კოდექსი ინიცირებულია და უკვე პარლამენტში მიმდინარეობს განხილვები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ კოდექსი ობიექტურად მოითხოვდა მუშაობას, არსებობს უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება, რომელიც უკავშირდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. ეს გარდა ფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან იყო დაკავშირებული და ფაქტია, ეს გადაწყვეტილება აქამდე ვერ იქნა მიღებული. მივიღეთ დღეს და ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ თავდაცვის ისეთი კოდექსი, რომელიც აბსოლუტურად მორგებული იქნება თავდაცვის მიზნებზე, რომელსაც შემოაქვს სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები და ნატო-სთან თავსებადობისათვის, თავდაცვის ორგანიზებისთვის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმს ქმნის“, – განაცხადა გიორგაძემ.

მისი თქმით, საქართველო გადადის საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ წვევამდელები საბრძოლო მომზადება-წვრთნას ნატო-ს სტანდარტით მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

„დღევანდელი 12-თვიანი ვადა, რაც დადგენილია, მცირდება. გვექნება სხვადასხვა ოფცია, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდებისთვის, მათი შეხედულებისამებრ. მაგალითად, იქნება 6-თვიანი სამსახური, რაც გულისხმობს საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას; ასევე გვექნება 8-თვიანი სამსახური, რომელიც მოიცავს როგორ დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს და ის დაკავშირებული იქნება თავდაცვის სტრუქტურაში ბაზების, საცავების და ა.შ დაცვასთან. ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს იმავე გუშაგის ფუნქცია არის შენარჩუნებული, რაც აბსოლუტური სიცრუეა. არის ასევე 11-თვიანი სამსახური, რაც გულისხმობს ახალგაზრდების უმცროს სამეთაურო პოზიციებზე – ოცმეთაურები, ათმეთაურები, სერჟანტები – მომზადებას, ვისაც სურვილი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებს, ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სავალდებულო სამსახური, რაც გულისხმობს იმას, რომ ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ, არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა, შეკრება და ოთხი წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, უკვე ჩაირიცხებიან რეზერვში“, – განაცხადა გიორგაძემ.

გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ გაწვევას ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება, მათი შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოხდება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6, 8, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად ოთხწლიანი პროგრამა.

„სტუდენტს ექნება ოთხი ოფცია. მას შეუძლია, სურვილის შემთხვევაში აიღოს აკადემიური და გაიაროს 6, 8 ან 11-თვიანი პროგრამა, ხოლო თუ მას უნდა, სწავლას შეუთავსოს, არის ოთხწლიანი ოფციაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს; ეს არის რეზერვის ოფიცრის ორწლიანი პროგრამა. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში და სწავლის ხელშეშლა არ მოხდება. ეს პროგრამაც უქმეების პერიოდზე არის აგებული. გარდა სტუდენტებისა, ამ პროგრამით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ. ეს პროგრამა ასევე საინტერესოა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უმაღლესი დამთავრებული აქვს, მაგალითად, მუშაობს, და ისე, რომ სამსახურს არ მოწყდეს, შეუძლია, შეუთავსოს. ვალდებულების მოხდა ამ ფორმითაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგაძემ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსმენილ იქნა ძალიან ბევრი საჭიროება და სხვადასხვა პროგრამა თუ ოფცია ანალიზის შედეგად შედგა.

„მაგალითად, თუ პირი კარგი პროგრამისტია ან IT სპეციალისტი, მას სპეციალისტის რეზერვში შეუძლია სამსახური. წელიწადში 45-დღიანი შეკრება ხდება და მათ ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.