გრიგოლ გიორგაძე - „გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება
გრიგოლ გიორგაძე - „გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება

„გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას განაცხადა, როდესაც უპასუხა „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეკითხვას.

დეპუტატმა მომხსენებელს კითხვა დაუსვა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ალტერნატიულ სამსახურთან დაკავშირებით. კერძოდ, რაქვიაშვილი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, „გირჩის“ გაშენებულ ბაღებში მღვდელმსახურები დასაქმდნენ და ეს ჩაითვალოს ალტერნატიულ სამსახურად.

„შვედეთში იგივე სიტუაციაა; იქ ალტერნატიული სამსახური არ არის ჩამოყალიბებული წესიერად და ამიტომ, როცა ადამიანი ამბობს, ალტერნატიული სამსახური მინდაო, იმას სახლში აბრუნებენ. ჩვენც ეს პრაქტიკა ხომ არ შემოვიღოთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ არც ჩვენ გვაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული ალტერნატიული სამსახური. მე მგონი, თავდაცვის მინისტრმა ახსენა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა მებაღეობა, შეიძლება, თქვენ ახსენეთ, არ ვიცი. ბევრ ეკლესიას აქვს თავისი ბაღები და ა.შ. ჩვენც გვინდა, „გირჩის“ ბაღები იყოს და ეს თუ შეიძლება იყოს, ჩვენ თუ ბაღები გვაქვს გაშენებული, ჩვენი მღვდელმსახურები ჩვენს ბაღებში დასაქმდნენ და ეს იყოს ალტერნატიული სამსახური“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

თავის მხრივ, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება მუშაობს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს არაკეთილსინდისიერი გზებით ვალდებულებისთვის თავის არიდება.

„გამოიკვეთა კიდევაც, რომ თქვენ ეძებთ, ახალი ხვრელი რა შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე თავი აარიდებინეთ ჯარს. „გირჩის“ დაკიდული ბაღები ვერ იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საშუალება. ჩვენ სწორედ ამის დახვეწაზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს არაკეთილსინდისიერი გზებით თავის არიდება ვალდებულებისთვის, იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ა.შ.“, – განაცხადა გიორგაძემ.