გრიგოლ გეგელიას მტკიცებით, მუხიანის 62-ე უბანზე ამომრჩეველთა მოსყიდვა დაფიქსირდა, ერთ-ერთი დამკვირვებელი კი აცხადებს, რომ თანხაზე არაფერი გაუგია და მხოლოდ სავსე საფულე დაინახა
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია ამტკიცებს, რომ მუხიანში, 62-ე უბანზე ამომრჩეველთა მოსყიდვა დაფიქსირდა.
გეგელიას თქმით, დილის 09:00 საათიდან 62-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, უცხო პირები გადაადგილდებიან, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიამ ერთ-ერთ დამკვირვებელს კითხვები დაუსვა.
გეგელიამ დამკვირვებელს მიმართა: „აქ არაფერი იწერება, რაც მითხარი, უნდა გამაგებინო, მე მელაპარაკები, კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, ქეშზე ხომ იყო საუბარი? რა ფრაზა ითქვა, რა ფრაზა მითხარი?“.
დამკვირვებელმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა:
„ქეშზე იყო საუბარი, მაგრამ კონკრეტული არ გამიგია. რა ვიცი, საფულე იყო ძალიან გატენილი. უბრალოდ, ეჭირა, არაფერს აკეთებდა და არ ვიცი. ერთი ეგ გავიგე, ხომ ყველაფერი „პარიატკაშიაო“, ყველას აჩერებდნენ. თანხაზე არ გამიგია, რადგან დავინახე საფულე გავსებული, ეგ დავაკავშირე, თან ყველა მანქანას რომ აჩერებდა მაგის მიხედვით. აქ იდგა და საფულე სულ ხელში ეჭირა“.