გრიგოლ გეგელია – ზოგიერთი კოლეგა შეიძლება თვლიდეს, რომ პიკეტირება საუკეთესო გამოსავალია, „ლელოსთვის“ პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის
ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა ისეთ ძალისხმევაში, რომელიც საქართველოს კანონის შესაბამისია. პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ ყველა პროტესტის ავანგარდში იქნება.
„ჩვენ ვიქნებით ავანგარდში ნებისმიერი პროტესტის, რომელიც ამ ქვეყანაში იქნება, მანამ სანამ არ მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს, მანამ სანამ „ქართული ოცნება“ არ დაიხევს უკან. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც იყო სწორი ჩვენი დგომა და ვიდგებით იქ, სადაც არის სწორი, იქ სადაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ინტერესები არის დაცვის საგანი. რაც შეეხება გამოხატულებებს, ოპოზიცია არის ფართო და შესაბამისად, არის ზოგჯერ რიგ საკითხებზე განსხვავებები, რაც ნორმალურია. ზოგიერთი კოლეგა შეიძლება თვლიდეს, რომ პიკეტირება არის საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ ვთვლით, რომ კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან ხმამაღლა და ძალიან მყარად უნდა ვაწარმოოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა ისეთ ძალისხმევაში, რომელიც საქართველოს კანონის შესაბამისია. პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის“, – განაცხადა გეგელიამ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გრიგოლ გეგელიას თქმით, მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებობს.
„ჩვენ, „ლელო“, ყოველთვის ვიყავით მოწადინებული, რომ შემდგარიყო მოლაპარაკებები და ეს კრიზისი გადაჭრილიყო დეესკალაციის და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვნახეთ „ქართული ოცნების“ადეკვატური ძალისხმევა. ვერცერთ ჯერზე ვერ დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლა სურდა ეს კრიზისი გადაჭრილიყო მოლაპარაკების გზით. ჩვენ გვინდა ვირწმუნოთ, რომ დასავლელი პარტნიორების შეგონება მაინც იმოქმედებს და ისინი დაინახავენ რომ ამ გზით ქვეყანას გადაჩეხავენ შეუქცევად ჩიხში“, – განაცხადა გეგელიამ.