გრიგოლ გეგელია - წალენჯიხა განასახიერებს პროგრესულ საქართველოს, ამიტომაც ეშინიათ „ქართული ოცნების“ რიგებიდან ვითომდა გასულ პრორუს დეპუტატებს წალენჯიხის
გრიგოლ გეგელია - წალენჯიხა განასახიერებს პროგრესულ საქართველოს, ამიტომაც ეშინიათ „ქართული ოცნების“ რიგებიდან ვითომდა გასულ პრორუს დეპუტატებს წალენჯიხის

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, წალენჯიხაში ბევრად უფრო მეტი განვითარების პოლიტიკაა, ვიდრე მთელ დანარჩენ ქვეყანაში, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უამბიციო, „პრორუსი აპარატჩიკების“ ხელშია.

„სანამ მაჭარაშვილი და მისი მავნებელი კოლეგები ამ ქვეყნის მომავალს უთხრიან ძირს, ხაზარაძე და „ლელო“ არ ნებდება და ამ ქვეყანაში მშენებლობის და განვითარების მაგალითს ქმნის, ინვესტიციები შემოაქვს, ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ახალგაზრდობას ცოდნას და იმედს აძლევს, ადამიანებს – პერსპექტივას.

სწორედ ამის მაგალითია წალენჯიხა, სადაც ხაზარაძის პირდაპირი ინიციატივით და ხელშეწყობით გაიხსნა IT აკადემია, რომელშიც წალენჯიხელი ბავშვები უფასოდ იღებენ ცოდნას, რაც მათ გლობალურ ეკონომიკურ ბაზარზე ხდის კონკურენტულს, წალენჯიხაში იხსნება მსოფლიო დონის „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემია, გაიხსნა ბიბლიოთეკა, დაფუძნდა წიგნის ფესტივალი, ხელოვნების ფესტივალი, ეწყობა თეატრი ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით, მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური აკადემია, საზოგადოებრივი განტვირთვის სივრცე, დაფინანსდა საცხენოსნო ტურიზმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები საცხენოსნო სპორტის განვითარებაზე.

წალენჯიხაში ბევრად უფრო მეტი ხედვა და განვითარების პოლიტიკაა, ვიდრე მთელ დანარჩენ ქვეყანაში, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უამბიციო, პრორუსი აპარატჩიკების ხელშია. მათ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობად გადააქციეს.

ამასობაში, წალენჯიხა განასახიერებს თავისუფალ, პროგრესულ საქართველოს, რომელიც ადამიანის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე და გამდიდრებაზეა მომართული. ამიტომაც ეშინიათ წალენჯიხის „ქართული ოცნების“ რიგებიდან ვითომდა გასულ პრორუს დეპუტატებს. მათ ეშინიათ იმ რეალური საქმეების და დადებითი დღის წესრიგის, რასაც ხაზარაძე და „ლელო“ ატარებს წალენჯიხელთა კეთილდღეობისთვის. სწორედ ამ პოლიტიკაში არის საქართველოს მომავალიც, რომელიც უპირობოდ გაიმარჯვებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის, ახალი ძალების გაერთიანების დროა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, სჯობს, მამუკა ხაზარაძემ შეასრულოს ის, რასაც წალენჯიხის მოსახლეობას დაჰპირდა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.