გრიგოლ გეგელია - ვითარებაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს სურს კრიზისის გადაჭრა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რაიმე არსებითად შეიცვალოს
გრიგოლ გეგელია - ვითარებაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს სურს კრიზისის გადაჭრა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რაიმე არსებითად შეიცვალოს

მისასალმებელია ნებისმიერი მოქალაქის პატრიოტული მცდელობა, რომ ეს კრიზისი მაინც გადაიჭრას, მწირი დროის მიუხედავად, რაც დარჩა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არ ინება ამ კრიზისის გადაჭრა. ამიტომ, მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს სურს კრიზისის გადაჭრა, რაიმე არსებითად შეიცვალოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება დროულად გადაიჭრას კრიზისი.

„თუ „ქართული ოცნება“ ინებებს, რომ შემხვედრი კონსტრუქციული პოზიციებით წამოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მხოლოდ მაშინ ექნება აზრი საუბარს, ყველაფერი სხვა სამწუხაროდ დღეს არის პროზაული განაცხადი და არანაირ ქმედით პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს. ვფიქრობ, შესაძლებელია კონსენსუსი იქნას მიღწეული 2022 წელს ე.წ. სერბული მოდელით ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ზოგადი მოტივაცია ქართული ოპოზიციისა, რა გვამოძრავებს ჩვენ. თუ ოთხი პუნქტიდან რომელიღაც არ შესრულება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ ნამდვილ დემოკრატიულ განახლებას. ამ პირობებში ჩვენთვის აზრი არ აქვს იმ ე.წ. პარლამენტში ყოფნას. ჩვენთვის პარლამენტი არ ყოფილა და არ არის პრივილეგიებისა და მანდატების საძებარი სივრცე, ჩვენთვის პარლამენტი არის და იქნება ქვეყნის განვითარებისა და დისკუსიის სივრცე და ჩვენ ასეთ დისკუსიას შესაძლებლად მივიჩნევთ მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც იქნება ნამდვილი თავისუფლება და დემოკრატია“, – განაცხადა გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მანდატებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია.

„მანდატებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რაც იყო ამ თვეების განმავლობაში. ვამბობთ, რომ ოთხი პუნქტი გვაქვს შეთავაზებული და ოთხივეს შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა რეალურად რაიმე თვისებრივად და ხარისხობრივად შეიცვალოს. ჩვენ არ გვაინტერესებს ფორმალური ცვლილებები, ჩვენ გვინდა ნამდვილი ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, სიყალბის ეს პოლიტიკური კულტურა დასრულდეს და პარლამენტში ყოფნას აზრი ჰქონდეს. ჩვენ მანდატების გაუქმებაზე დიდი ხანია შეტანილი გვაქვს განაცხადი და თუ „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ გააუქმოს, დაე გააუქმოს. ეს მასკარადი უნდა დამთავრდეს, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. ჩვენ არც პოლიტიკურ შანტაჟს ავყოლილვართ და არც ჩვენი დაპირება გადაგვითქვამს“, – განაცხადა გეგელიამ.

„გირჩმა“ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს. „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.