გრიგოლ გეგელია - ვფიქრობ, შეიძლება გაერთიანება 2022 წლის რიგგარეშე არჩევნების ირგვლივ, ოპოზიციის არაერთი ლიდერისგან ვხედავთ ჩვენი ინიციატივის მოწონებას
გრიგოლ გეგელია - ვფიქრობ, შეიძლება გაერთიანება 2022 წლის რიგგარეშე არჩევნების ირგვლივ, ოპოზიციის არაერთი ლიდერისგან ვხედავთ ჩვენი ინიციატივის მოწონებას

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მომდევნო კვირების განამვლობაში ოპოზიცია შეიკრიბება, რათა ისაუბროს პოლიტიკური ბრძოლის სამომავლო ტაქტიკაზე, რომელმაც რიგგარეშე არჩევნები უნდა უზრუნველყოს.

მიისვე თქმით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად მიაღწევს.

„ბუნებრივია, ოპოზიცია შეიკრიბება შემდგომ კვირებში, და შეიძლება, ძალიან ბევრჯერ, იმაზე სასაუბროდ, თუ რა არის ბრძოლის ტაქტიკა, როგორი არის შემდეგი თვეების ხასიათი და როგორ მივაღწევთ ახალ რიგგარეშე არჩევნებს. აუცილებლად მიიღწევა, რაც არ უნდა ბაქიბუქობდეს დღეს „ქართული ოცნება“, მიზანი აღსრულდება, რადგან ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა.

ნათლად ვნახეთ, რომ გამოკითხული 20 ათასზე მეტი ჩვენი მხარდამჭერიდან, 91 პროცენტი ემხრობა ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც არის ამ ყალბი პარლამენტის ბოიკოტირება. ვხედავთ, რომ საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი არის სწორედ ჩვენს ირგვლივ გაერთიანებული. ჩვენ ვიცით ისიც, რომ ამ ე.წ. არჩევნებითაც კი, რომელიც ჩაატარა თამარ ჟვანიმ, ოპოზიციამ მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე – „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ საჯარო საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია არის ჩვენს მხარეს და სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციებს და სურვილებს. გავაგრძელებთ მაქსიმალურად დემოკრატიულად ბრძოლას, რათა ეს ყველაფერი გადაითარგმნოს ახალ რიგგარეშე არჩევნებში და მივიღოთ ნამდვილად ქართული სახალხო პარლამენტი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, რომ სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს, გეგელიას თქმით, ოპოზიციაში არსებობს განსხვავებული აზრები ამ საკითხის თაობაზე, თუმცა არაერთი ლიდერი იწონებს ამ ინიციატივას.

„ჩვენ არაერთი ლიდერისგან ვხედავთ ამ ინიციატივის მოწონებას, ბუნებრივია, ოპოზიციაში არსებობს განსხვავებული აზრები ამ კონკრეტული საკითხის თაობაზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვართ გაერთიანებული 4 პუნქტის ირგვლივ, რომელიც შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“ ფასილიტაორებთან ერთად.

ეს არის უმთავრესი, რაც შეეხება დანარჩენს, არ არის აუცილებელი, ოპოზიცია ყველაფერში იყოს გაერთიანებული. ჩვენ ვართ კონკურენტი პარტიები, გვაქვს განსხვავებული ხედვები, რიგი მიმართულებით განსხვავებული იდეოლოგიური ხედვებიც. ამიტომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამ. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც იქნება აზრთა სხვადასხვაობა ტექნიკურ მხარეებზე. მთავარია, ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი იმის თაობაზე, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, არ ვაპირებთ, სიყალბის პარლამენტში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიამ არ დააკონკრეტა, ვინ იწონებს „ლელოს“ ინიციატივას.

„ამაზე სჯობს, თვითონ ისაუბრონ, თუმცა არაერთმა ლიდერმა უკვე საჯაროდაც ისაუბრა, ეს ჩემთვის ცნობილია. მე არ მინდა, კოლექტივის სახელით ვისაუბრო. სჯობს, მათ თავად გამოხატონ მოსაზრება ამის თაობაზე… ჩვენი შეთავაზება არის ძალიან ნათლად ფორმულირებული. ამას იცნობს როგორც ქართული საზოგადოება, ასევე „ქართული ოცნება“. ვფიქრობ, დღეს არსებობს უპრეცედენტო გაერთიანების შესაძლებლობა, გაერთიანების ეროვნული მიზნის ირგვლივ, რომელიც მათ შორის შესაძლებელია, იყოს სწორედ ახლახან ინიცირებული, 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ პირობებში არ ხდება და არ მოხდება. ევროპულ კავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება ერთპარტიული პარლამენტით და ვერ მოხდება ამ პოლიტიკური კონტექსტების ფონზე, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება გაერთიანება 2022 წლის რიგგარეშე არჩევნების ირგვლივ, რომელიც, თავისი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია ევროპულ კავშირში გაწევრიანებისა, გაერთიანება ისე, როგორც ჯერ არასდროს გვინახავს ამ ქვეყნის ისტორიაში, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები, ძალიან რთულ და დამძიმებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. ყველა ჩვენგანმა უნდა ვიტვირთოთ ამისთვის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დატოვე კომენტარი