გრიგოლ გეგელია - ვემხრობით მოლაპარაკებების ფორმატს, უბრალოდ, ვიდრე გამოძიება არ იტყვის, რომ ღარიბაშვილო უდანაშაულოა, მისი ადგილი არ არის მაგიდასთან, რომელმაც კრიზისი უნდა მოაგვაროს
გრიგოლ გეგელია - ვემხრობით მოლაპარაკებების ფორმატს, უბრალოდ, ვიდრე გამოძიება არ იტყვის, რომ ღარიბაშვილო უდანაშაულოა, მისი ადგილი არ არის მაგიდასთან, რომელმაც კრიზისი უნდა მოაგვაროს

გამოძიება არის ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვემხრობით გამოძიებას. გამოძიება არის უალტერნატივო, რომელშიც ჩართული იქნებიან საერთაშორისო სააგენტოები, ეს უნდა იყოს უმაღლესი სანდოობის მატარებელი გამოძიება, რათა არც ერთ ადამიანს არ დარჩეს კითხვა. ამას უნდა გაეცეს სასწრაფოდ პასუხი და მხოლოდ მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაიმე მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით საერთოდ რაიმე პოლიტიკურ პროცესზე. წარმოუდგენელია და დაუშვებელია ამ კრიზისის კონტექსტის გარეშეც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს ადამიანი, რომელიც პოტენციურად არის სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული. ამიტომ გამოძიებას ალტერნატივა არ გააჩნია. ხარისხიანმა გამოძიებამ უნდა მოჰფინოს ნათელი ამ საქმეს“,- განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, „ლელო“ ემხრობა მოლაპარაკებებს, თუმცა აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არ აპირებენ საერთო ფორმატში ყოფნას იქამდე, „ვიდრე გამოძიება არ დაადგენს მის შესაძლო უდანაშაულობას“.

„მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი. ჩვენ ვემხრობით მოლაპარაკებების ფორმატს. ვთვლით, რომ ახლა, აი, ამ შემზარავ ჭაობში, რომელშიც ვიმყოფებით, ყველაზე მთავარი გამოსავალია ექვსი პუნქტის განხორციელება, რათა ეს ქვეყანა არ გადავჩეხოთ. ჩვენ ვემხრობით მოლაპარაკებებს, უბრალოდ ვამბობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არ ვაპირებთ საერთო ფორმატში ყოფნას, იქამდე, ვიდრე გამოძიება არ დაადგენს მის შესაძლო უდანაშაულობას.

არ ვიცი, რა კომპრომისზეა საუბარი. ყოველთვის ძალიან ღიად ვაცხადებთ, რა არის ჩვენი მიზანი. საზოგადოება ყოველთვის იყო ინფორმირებული, არაფერი დასამალი, განსხვავებით „ქართული ოცნებისაგან“, ჩვენ არ გვაქვს. მოლაპარაკებისა და მედიაციის ფორმატს ბუნებრივია, ალტერნატივა არ გააჩნია. უბრალოდ, ვიდრე გამოძიება არ იტყვის, რომ ღარიბაშვილო არ არის დამნაშავე, მისი ადგილი არ არის კარგ და სწორ მაგიდასთან, რომელმაც უნდა მოაგვაროს კრიზისი“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.