გრიგოლ გეგელია - შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დასაშვებად მიიჩნევს, ისაუბროს ხელისუფლების მიერ „კანონის გვერდის ავლაზე“ 
გრიგოლ გეგელია - შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დასაშვებად მიიჩნევს, ისაუბროს ხელისუფლების მიერ „კანონის გვერდის ავლაზე“ 

პრეზიდენტის გამოსვლა ღალატობს საუკეთესო ეროვნულ ინტერესს, რითიც აგრძელებს „ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში წარმოებულ კაპიტულანტურ, მოღალატეობრივ საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში საქართველოს ოკუპაციის საკითხს არასათანადო ადგილი მიენიჭა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქმული სიტყვა მრავალმხრივ შემაშფოთებელია. პრეზიდენტის გამოსვლა ღალატობს საუკეთესო ეროვნულ ინტერესს, რითიც აგრძელებს „ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში წარმოებულ კაპიტულანტურ, მოღალატეობრივ საგარეო პოლიტიკას. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს საქართველოსთვის მინიჭებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტრიბუნა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად გამოეყენებინა, მან კიდევ ერთი კრახი განიცადა საქართველოს საერთაშორისო ინტერესების ლობირებისას. სავალალოა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში საქართველოს ოკუპაციის საკითხს არასათანადო ადგილი და ყურადღება მიენიჭა. პრეზიდენტის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე პასუხისგან თავის არიდება სხვა არაფერია, თუ არა „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი, კაპიტულანტური საგარეო კურსის რიგითი გამოვლინება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

როგორც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა განაცხადა, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რესპუბლიკის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, დასაშვებად მიიჩნევს, ისაუბროს ხელისუფლების მიერ „კანონის გვერდის ავლაზე“.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რესპუბლიკის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, დასაშვებად მიიჩნევს, ისაუბროს ხელისუფლების მიერ „კანონის გვერდის ავლაზე“. ეს კიდევ ერთხელ გვაგონებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნამდვილ სახეს, რომლის ძალოვანი მინისტრები პოლიციელებს კანონის აღსრულების გამო სჯიან, პოლიციის ღირსების შემლახავ პირებს კი, ხელს აფარებენ. ეს ყოველივე ხელახლა გვაგონებს, რომ „ქართული ოცნებას“ პრივატიზებული აქვს მთელი სახელმწიფო, რასაც მოწმობს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაც, მათ შორის დიპლომატიური სამსახურშიც. საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო რიტორიკამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ, დაყოფის, საქართველოს მოქალაქეთა დევნის და წამების მომხრე რუსი დეპუტატები პირიქით, საქართველოსგან ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას გავრილოვის საქმეზე, რომელმაც ეროვნული ღირსება შეურაცხყო. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს საერთაშორისო ტრიბუნა საქართველოს საერთაშორისო პოზიციის წინ წასაწევად, რუსული ოკუპაციის დასაგმობად და პრო-დასავლური კურსის გასავრცობად გამოეყენებინა, მან საქართველოსთვის მინიჭებული ტრიბუნა პარტიულ პოლიტიკურ პროპაგანდას დაუთმო. ამ პროცესში, საქართველოს პრეზიდენტმა სცადა შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო თანამეგობრობა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა უფრო ძლიერი ინსტიტუტებით, მდგრადი ეკონომიკური ზრდითა და განვითარების პროცესში მყოფი სოციალური და ჯანდაცვის სისტემებით. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლისთავზე, სახელმწიფო ინსტიტუტები სრული ჩამორღვევის პირასაა და ერთპარტიულ დიქტატს ექვემდებარება“, – განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელიას თქმით, სწორედ „ქართული ოცნება“ არის სიძულვილის, აგრესიის, და ყალბი ინფორმაციის უპირველესი წყარო.

„ქართული ოცნების“ მმართველობის სიმბოლოა ეკონომიკური სტაგნაცია, ნეპოტიზმი, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის თანმიმდევრული დასუსტება და საერთაშორისო დღის წესრიგიდან ოკუპაციის საკითხის გაქრობა. დღეს ქალბატონი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს პრობლემა სიძულვილის ენა, აგრესია, პოლარიზება და დეზინფორმაციაა. მაგრამ, იგი მოხერხებულად ივიწყებს, რომ სწორედ მისი მთავრობა არის სიძულვილის, აგრესიის, და ყალბი ინფორმაციის უპირველესი წყარო, თვითონ კი, თავისი განცხადებებით არა ერთიანობის, არამედ მუდმივად მყოფი რიტორიკის გამომწვევი პრეზიდენტი, ვისი ყოველი მეორე განცხადებაც საზოგადოებრივი შფოთის საგანია. სწორედ ამ პრეზიდენტს მიეწერება განცხადებები, რომლებიც ქაოსსა და არასტაბილურობას თესავს, საქართველოს საგარეო ინტერესებს კი, თანმიმდევრულად აზიანებს. სავალალოა, რომ ასეთივეა პრეზიდენტის გუშინდელი პარტიულ-პოლიტიკური და არასახელმწიფოებრივი გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.