გრიგოლ გეგელია – შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რასაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, პირველი ნაბიჯი იქნება ანაკლიის პორტის აშენება ამერიკული და ევროპული კაპიტალის მონაწილეობით

15:51, 29.06.2026

შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა. პირველი ნაბიჯი იქნება ანაკლიის პორტის დაუყონებლივ აშენება ამერიკული და ევროპული კაპიტალის მონაწილეობით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქოცური ე.წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის რადიკალური შემცირება“.

„„დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს“, – ამბობს ივანიშვილის საგარეო მინისტრი, ვისმა ხელისუფლებამაც მიზანმიმართულად მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი, რის გამოც საქართველომ უკვე დაკარგა ეკონომიკური განვითარების შვიდი სრული წელი, საქართველო არ არის კონტინენტების დამაკავშირებელი კარიბჭე, საქართველოს სულ მალე გვერდს აუვლის ალტერნატიული ტრანზიტული გზა და  საქართველო არ არის ტრამპის სახელობის მშვიდობის, კეთილდღეობის კორიდორის ნაწილი. ეს არის ქოცური საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია საქართველოს წინააღმდეგ და რუსული ინტერესის სასარგებლოდ. გვახსოვს რეჟიმის ლიდერების ათზე მეტი განცხადება, რომ იწყება პორტის მშენებლობა, მაგრამ რეალობა მოწმობს, რომ არაფერი გაკეთებულა. ამ რეჟიმის და ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად. იგივე ბიჭორიშვილი შეკავშირების პოლიტიკაზე როდესაც საუბრობს, ეს არის ქოცური სტილის უნიჭო ტრაგიკომედია. შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, როგორც კი ქართველი ხალხი მოიშორებს ანტისხეულს, სახელად „ქართული ოცნება“. ამ პოლიტიკის პირველი ნაბიჯი იქნება ანაკლიის პორტის დაუყოვნებლივ აშენება ამერიკული და ევროპული კაპიტალის მონაწილეობით, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის პროაქტიული ჩართულობით პორტის მშენებლობის საერთო კავკასიურ საქმეში. თუმცა დუბროვნიკის კლოუნადა ამით არ სრულდება. ბოჭორიშვილი აგრეთვე ამბობს, რომ „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე“. არა, მაკა, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმთან კარიერისტული მიწებების მაგიერ მეტი რომ გემეცადინა, გეცოდინებოდა, რომ საქართველო მულტივექტორული პოლიტიკის ყველაზე ცუდი და მაჩანჩალა მაგალითია. რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც ქოცური რეჟიმის ყველა ე.წ. პარტნიორი საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას გაერო-ში? რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც არ გაზრდილა საგარეო ინვესტიცია? რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც არ გაზრდილა საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა?

გეტყვით, რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა: გეოპოლიტიკურ სასწაულს, სახელად ერევანი, რომელიც ეწევა ეროვნულ ინტერესსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, სტუმრად იღებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ლიდერებს, ამავე დროს სამეზობლოში ეწევა დაბალანსებულ პოლიტიკას. ეს არის მულტივექტორული პოლიტიკის გამოხატულება, განსხვავებით ქოცური ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკისგან, რომელმაც ვერც მულტი და ვერც ვექტორი ვერ შექმნა, ვერც ახალი პარტნიორები შეიძინა, ძველი და ისტორიული სტრატეგიული პარტნიორობები კი ხელაღებით მოსპო. ამ ქოცური ე.წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, ღარიბი ერის უარესად გაღარიბება, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის რადიკალური შემცირება, მეგობრების – მტრად და მტრების მეგობრებად შერაცხვა. ეს არის ქოცური ანტისაგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველა ქართველს უჯდება ძალიან ძვირი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მსგავსი